საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და აუცილებლად უნდა აშენდეს, და პროცესი უნდა დაიწყოს რაც შეიძლება დროულად. მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა ამ ორი პრინციპით ხელმძღვანელობს.
„ბუნებრივია ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება. ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონსორციუმმა შეძლოს მობილიზაცია გაუკეთოს ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად პორტის მშენებლობის პროცესი“ - განაცხადა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხდა ძალიან დიდი დროის, ენერგიის და ფულადი სახსრების ინვესტირება და არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ პროექტი დიდი ხნით გაიწელოს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას.
ამასთან, პრემიერის თქმით, არსებობს პრინციპული მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის გადასახადების გადამხდელი მოქალაქეებისთვის.
„როდესაც საუბარია კომერციული რისკის დაზღვევაზე, კითხვა ჩნდება - მაშინ კომერციული ინტერესი სად არის ამ პროექტში, მაშინ როგორ ექნება ამას კომერციული დატვირთვა კერძო ინვესტორის მხრიდან. ამიტომ, ყველა ის საკითხი, რომელშიც შეიძლება ჩვენ მხარი დავუჭიროთ კონსორციუმს, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება ძალიან ინტენსიურად. მთავარია, რომ ვაჩვენოთ პროგრესი. მთავარია, კონსორციუმის მხრიდან გვქონდეს განცდა საზოგადოებას და ყველას, რომ პროცესი მიდის დასრულებისკენ, მიდის იმისკენ, რომ კონსორციუმი შეძლებს ფინანსური რესურსის მობილიზაციას. ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით - პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს და პროექტი უნდა დავიწყოთ ერთობლივად რაც შეიძლება დროულად“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვას, რა ვადაზეა საუბარი, მან უპასუხა: „ვადა დამოკიდებულია იმ დინამიკის ჩვენებაზე, რასაც კონსორციუმი შეძლებს. უნდა გვაჩვენოს, რომ ფულადი სახსრების მობილიზაცია მიმდინარეობს.“