მასწავლებლის ჯილდოს მიღება იმ პირებსაც სურთ, ვისაც უკვე საგამოცდო რეგისტრაცია აქვს გავლილი. ამ შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გააუქმონ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 მაისს, 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ.
- რეგისტრაციის გასაუქმებლად მასწავლებელმა უნდა შეავსოს განაცხადი, რომელიც განთავსებულია საიტზე
- ხელმოწერილი განაცხადი უნდა მიიტანოს სკოლაში ან რესურს ცენტრში.
- თუ განცხადების დაწერა 24 მაისის 18 საათამდე არ მოხერხდა, მასწავლებელს მაინც აქვს საშუალება არ გავიდეს გამოცდაზე და მოითხოვოს ორი წლის პენსია. ამის საშუალება აქვს გამოცდის ჩაბარების შემდეგაც.
„ჩვენ ძალიან შეგვიწყობს ხელს დაგეგმვაში, ვიცოდეთ რამდენმა კაცმა გადაიფიქრა [გამოცდაზე გასვლა]. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ვერ შეგვატყობინეს, საკითხი მაინც მასწავლებლის სასარგებლოდ წყდება. ჩვეულებრივად შეუძლიათ არ გავიდნენ გამოცდაზე და გააკეთონ განაცხადი ჯილდოზე. ამის საშუალება კვლავ აქვთ გამოცდის შედეგების მიღების შემდეგაც“, - ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებსაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების და, შესაბამისად, პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი.