შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა, მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო 16 წლის.
შესაბამისად, ეს ფაქტი შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს და გულისხმობს 16 წლამდე მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს.
დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, უკვე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე.
22 მაისს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, დედამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და თვითონ სახლიდან წავიდა. მოკლული ბავშვი მამამ გამთენიისას იპოვა. პოლიციამ ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 16 წლის მ.შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა და ბრალი წარუდგინა.