Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 მაისამდე თბილისში ავტომობილების მოძრაობა იზღუდება


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში შეიზღუდება ავტომობილების მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათთვის მზადების პროცესში.

23 მაისის 22:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ უკვე შეიზღუდა:

  • ბარათაშვილის ქუჩიდან მომავალ ნაკადს არ შეუძლია მოძრაობა პუშკინის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედნისკენ. ნაკადი ჩადის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის ესტაკადაზე.
  • შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამომავალ ნაკადს არ შეუძლია გადაადგილება რუსთაველის გამზირის მიმართულებით, თავისუფლების მოედნის გავლით. მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ პუშკინის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
  • ლესელიძიდან ამომსვლელი ნაკადი ვერ გადაადგილდება თავისუფლების მოედნის გავლით რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელია პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
  • რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ნაკადი, თავისუფლების მოედნის გავლით ჩადის პუშკინის ქუჩაზე.

24 მაისს, 23:00 საათიდან მოძრაობა რამდენიმე დღით აიკრძალება:

  • თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ.დადიანის, კოტე აფხაზისა და გ.ლეონიძის ქუჩებზე), ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.
  • ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ასასვლელ ესტაკადაზე. მოძრაობა შესაძლებელია ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
  • ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ ესტაკადაზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
  • მთაწმინდის მიმართულებით ავტომობილები იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG