Accessibility links

ახალი ამბები

ულტრამემარჯვენეები პროგნოზირებულზე ნაკლები წარმატებით მონაწილეობენ ევროპარლამენტის არჩევნებში

ევროკავშირის ქვეყნებში გრძელდება საერთო პარლამენტის არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ბევრისათვის მოსალოდნელზე ნაკლები წარმატებით მონაწილეობენ კენჭისყრაში.

ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო 23 მაისს ბრიტანეთითა და ნიდერლანდით, რასაც 24 მაისს მოჰყვა კენჭისყრები ირლანდიასა და ჩეხეთში.

დღეს არჩევნები იმართება ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში, ხოლო 26 მაისს - ევროკავშირის ყველა დანარჩენ წევრში.

ნიდერლანდში ეგზიტპოლის შედეგებით, ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირის მხარდამჭერ პარტიებს. ასეთივე შედეგი გამოიკვეთა ირლანდიაში.

გერმანიაში წინასაარჩევნო გამოკითხვები მიანიშნებს კანცლერ ანგელა მერკელის პარტიის, ქრისტიან დემოკრატების ლიდერობაზე. მას მოჰყვებიან ასევე პროევროპული პოზიციით გამორჩეული მწვანეები.

არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები მოსალოდნელია 26 მაისის ღამეს, როცა კენჭისყრა დასრულდება ბლოკის 28-ვე ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი

"სახალხო ლეგიონი" აქციას მართავს ლგბტ აქტივისტების ერთ-ერთ ოფისთან

ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და ლევან ვასაძის „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენლები შეკრებილი არიან ჭავჭავაძის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა ერთ-ერთ ოფისთან.

მანამდე დაანონსებული იყო, რომ მდუმარე აქციას გეგმავდნენ: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, „ზნეობა“ და პედაგოგთა ასოციაცია.

როგორც ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, უნდა „დაილუქოს დესტაბილიზაციის ბუდე“. მისივე თქმით, დღევანდელი მთავრობა და მათ შორის - შს მინისტრი, გიორგი გახარია ეროვნული იდეების მატარებელი რომ იყოს, საქმეს აქამდე არ მიიყვანდა და აკრძალავდა „თბილისი პრაიდს“.

„ჩვენ მივაწვებით კორდონს. ამდენი ხალხის გაჩერების ერთადერთი შანსი იქნება ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან. არ უნდა შედგეს „თბილისი პრაიდი“ - ეს არის ტერორიზმი და ჩვენი შვილების დახვრეტა“, - თქვა ფალავანდიშვილმა.

როგორც აქციის დაწყებამდე „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი ოფისის დატოვებას გეგმავდნენ.

რუსეთის საკითხებში ტრამპის ადმინისტრაციის წამყვანი ექსპერტი ფიონა ჰილი თანამდებობას ტოვებს

ფიონა ჰილი

რუსეთის საკითხებში ტრამპის ადმინისტრაციის წამყვანი ექსპერტი თანამდებობას ტოვებს. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ფიონა ჰილი აგვისტოში დატოვებს თავის პოსტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, იტყობინება ჟურნალი Foreign Policy.

ჰილი ამ თანამდებობაზე 2017 წლის აპრილში დაინიშნა. ის კრემლის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრედ ითვლება. სავარაუდოდ მას შეცვლის შეიარაღების ექსპერტი ტიმ მორისონი. ეს შესაძლოა იყოს იმის ნიშანი, რომ სიმძიმის ცენტრი გადაინაცვლებს მოსკოვთან მოლაპარაკებებისკენ მასობრივი განადგურების შეიარაღების არსენალის შესახებ.

კოალიცია: იუსტიციის საბჭო არ ასაჯაროებს კანონით ხელმისაწვდომ ინფორმაციას

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უკიდურესად შეშფოთებულია იმ ფაქტის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს ქმედება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას.

„საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში 2019 წლის 1 მაისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეს ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა) არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, საბჭო კი მისი დახურვით კანონს არღვევს“, - წერია 19 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კოალიციის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭომ 13 ივნისის წერილში უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით; მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია კანონის თანახმად საჯაროა.

„საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობს“, - აცხადებს კოალიცია.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, „დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს კანდიდატების შესახებ საბჭოში წარდგენილი და საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა), მანამდე კი არ გააგრძელოს კონკურსის პროცედურები“.

„სახალხო ლეგიონის“ რაზმი მელიქიშვილიდან ჭავჭავაძისკენ მიემართება

ულტრანაციონალისტებისა და ჰომოჰობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ შექმნილმა რაზმმა მელიქიშვილიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ შეძახილებითა და დროშებით გაიარა.

რაზმის წევრის, გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, ისინი "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორთა ოფისთან იკრიბებიან.

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ, ათეულების, ასეულებისა და ლეგიონის შექმნის იდეით, 16 ივნისს, ვერის პარკში გამოვიდა ბიზნესმენი, რაინდად წოდებული ლევან ვასაძე.

შსს-მ გამოძიება დაიწყო უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

გამოძიების ფარგლებში მესამე დღეა მიმდინარეობს იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც უკანონო ფორმირებებში გაწევრიანების იდეით გამოდიან. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, ამ დრომდე ჯამში 20-ზე მეტი ადამიანია გამოკითხული.

19 ივნისს „თბილისი პრაიდის“ კვირეული დაიწყო.

აშშ-ის და ნიდერლანდის საელჩო თბილისი პრაიდთან დაკავშირებით თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს თბილისში, დაგეგმილ “ღირსების მარშთან” დაკავშირებით აფრთხილებს და მოუწოდებს მოსალოდნელი საფრთხისგან თავის არიდების მიზნით მოერიდონ საჯარო სივრცეში მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება ინგლისურ ენაზე გაავრცელა.

„ლგბტქი თემის წარმომადგენლები და მათ მხარდამჭერები აპირებენ პრაიდის კვირეული თბილისში აღნიშნონ პრაიდით ან/და საჯარო ღონისძიებით. ვვარაუდობთ, რომ ღონისძიება ბევრ ადამიანს მიიზიდავს. პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით საჯარო ღონისძიება წელს პირველად დაიგეგმა. უწინ თემის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მსგავსმა საჯარო ღონისძიებამ კონტრდემონსტრანტების ცხარე და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივი პასუხი გამოიწვია, რასაც თან ახლდა როგორც ფიზიკური დაზიანება, ისე – მატერიალური ზიანი. აშშ-ის სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს მიეცათ რჩევა, თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

მისაღები ზომები:

  • თავი აარიდეთ დემონსტრაციას
  • მიიღეთ უსაფრთხოების ზომები თუდიდ თავყრილობასთან ან საპორტესტო აქციასიის სიახლოვეს აღმოჩნდებით
  • სიახლეების გასაცნობად თვალი ადევნეთ ადგილობრივ მედიას;
  • მოერიდეთ საჯაროობას
  • მოითხოვეთ დახმარება.”

18 ივნისს საქართველოში ნიდერლანდის საელჩომ გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები. თბილისი პრაიდის კვირეულში (18-23 ივნისის პერიოდი) გამოიჩინონ სიფრთხილე. მოერიდონ პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებს, ვინაიდან არსებობს კონტრდემონსტრაციების რისკი, რომლებიც შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს.

"მოკვდები, დამიჯერე" - თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მოკვლით ემუქრებიან

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს, გიორგი თაბაგარსა და თამაზ სოზაშვილს იდენტიფიცირებადი სატელეფონო ნომრიდან მუქარის შემცველ სმს-ესებს უგზავნიან.

"უნდა მოგკლა შენ. არ გეგონოს, ვხუმრობ. შენ დაგვრიდავ და დაწყნარდება პიდარასტებისსამყარო. შენ პრაიდამდე მოკვდები, გაიგე, თამაზ? მაგ წვერებით დაგკიდებთ მკვდარს რუსთაველზე, აბა **ე არ გაბია. მოკვდები, დამიჯერე, დაბრედილს გნახავენ ღამით" - წერია ერთ-ერთ სმს-ში.

"მაინც აპირებ, ხომ პიდარასტების მარშს? ოფისი ვიცი და შენი სახლიც, თავს მოგაჭრი და გავხდები გმირი", - ეს გიორგი თაბაგარისთვის გაგზავნილი მესიჯია.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ს პრესსამსახურში, შსს-მ გამოძიება დაიწყო თბილისი პრაიდის ორგანიზატორების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებებზე. გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა გიორგი თაბაგარმა და თამაზ სოზაშვილმა 19 ივნისს მიიღეს .

ლუკაშენკამ განკარგულება გასცა, გაუქმდეს ბელარუსში შესვლის აკრძალვა Pussy Riot-ის წევრებისთვის

ალექსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ პირადად გასცა განკარგულება, გაუქმდეს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა Pussy Riot-ის წევრების, ოლგა კურაჩოვასა და ვერონიკა ნიკულშინასთვის. ამის შესახებ კურაჩოვასთან საუბარში განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნატალია კოჩანოვამ. საუბრის ჩანაწერი „მედიაზონას“ მოეპოვება.

17 ივნისს კურაჩოვა და ნიკულშინა მოსკოვიდან კიევში მიემგზავრებოდნენ მინსკის აეროპორტში გადაჯდომით. იქ სასაზღვრო პუნქტში მათ შეატყობინეს, რომ ბელარუსში შესვლა ეკრძალებათ 2020 წლის მაისამდე და შესაბამისი შტამპი ჩაურტყეს პასპორტში. მაგრამ ისინი გაუშვეს კიევში რეისზე. სასაზღვრო კომიტეტის პრესსამსახურში უარი თქვეს აკრძალვის მიზეზის ახსნაზე და განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება „კომპეტენტურმა ორგანოებმა“ მიიღეს.

გრძელდება „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენელთა გამოკითხვა

შს სამინისტრო განაგრძობს იმ პირთა გამოკითხვას, რომლებიც შეუერთდნენ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ „სახალხო ლეგიონს“. უწყების ცნობით, 17 ივნისის შემდეგ მთავარ პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა 20-მდე პირი; მათ შორის იყვნენ გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი - ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ბიზნესმენ ლევან ვასაძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ დეპუტატს, ემზარ კვიციანს. კვიციანი ასევე გაწევრიანდა „სახალხო ლეგიონში“.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც ქალაქში პატრულირებას დაიწყებს და ყველანაირად შეეწინააღმდეგება „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს და მათ ტერიტორიიდან გაიყვანენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტების ძიება განახლდება

19 ივნისიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს. მიზანი აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებაა.

40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტები სამედიცინო ანთროპოლოგიის დარგში სექტემბრამდე იმუშავებენ. გადაწყვეტილება გათხრების დაწყების შესახებ მიიღეს 2010 წელს კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. მექანიზმი აფხაზი და ქართველი მონაწილეებისგან შედგება და მისი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულია - პასუხი გაეცეს გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებს, გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი, რომლებიც ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მრავალი წელია გასული.

2010 წლიდან, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, 430-მდე ადამიანის ნეშტი მოიძიეს, აქედან 163 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და გადაეცა ოჯახებს. სხვა მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.

ნიდერლანდის გენერალურმა პროკურორმა დაასახელა უკრაინაში "ბოინგის" ჩამოგდებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი

ნიდერლანდის გენერალურმა პროკურორმა ფრედ ვესტერბეკემ დაასახელა ოთხი ეჭვმიტანილი, რომლებსაც ბრალი წაეყენებათ 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში მალაიზიის „ბოინგის“, რეის MH17-ის ჩამოგდებასთან კავშირში. ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები სერგეი დუბინსკი, იგორ გირკინი და ოლეგ პულატოვი, ასევე უკრაინელი ლეონიდ ხარჩენკო, რომლების დაპატიმრებაზეც, ვესტერბეკეს თქმით, დღეს დაიგზავნება საერთაშორისო ორდერები.

სტრელკოვი ამჟამად მოსკოვში იმყოფება. დუბინსკი - როსტოვის ოლქში. სად იმყოფება ხარჩენკო, ცნობილი არ არის. მაგრამ, რუსულ სოცქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარჩენკო 2017 წელს მოკლულ იქნა იმის გამო, რომ ძალიან ბევრი იცოდა მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ. პულატოვი 2017 წელს წერდა, რომ რუსეთში იმყოფება.

  • „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17, უკრაინის შემადგენლობაში შემავალ დონეცკის ოლქში ჩამოვარდა 2014 წლის 17 ივლისს. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკით“, რომელიც რუსეთიდან შეიტანეს დონეცკელი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.
  • მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს თვითმფრინავის კატასტროფასთან რაიმე კავშირს. რუსეთის თავდაცვითმა კონცერნმა „ალმაზ-ანტეიმ“ განაცხადა, რომ მისი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების თანახმად, თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი რაკეტით უკრაინის სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

საპატრიარქო: ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს

საქართველოს საპატრაიარქო „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ის სასულიერი პირებს აფრხილებს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება.

„ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება“,- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

14 ივნისს, ოფიციალური განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას არ დაეშვა თბილისი პრაიდი.

ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულმა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები" დატოვა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ განმარტა, რომ კოსტავამ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

„დღეს ოფიციალურად გაფორმდა კოსტავას ფრაქციიდან გასვლა. ის იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი საკრებულოში. ჩვენ სხვა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ის ჩვენთან ასოცირებული აღარ იქნება. მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია,"- განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

დღეს საღამოს 20:00 საათზე, ქუთაისის ადმინისტრაციული შენობის წინ, ორგანიზაცია „პოსტერუმ ქუთაისი“, სოციალური მანიფესტის გამართვას გეგმავს მოთხოვნით, რომ ნანა კოსტავამ დატოვოს დეპუტატის მანდატი.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუკის პირად გვერდზე გააზიარა ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო და ნიშნის მოგებით მიმართა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნინოს ხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაიღუპა. ნანა კოსტავას პოსტს საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

31 მაისს ნანა კოსტავა, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ის ასევე გარიცხეს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან.

ნანა კოსტავამ 31 მაისს ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ ის საკრებულოს მანდატს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დატოვებდა. თუმცა, 3 ივნისს, ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, მან განაცხადა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლის კატეგორიული თხოვნით გადაიფიქრა:

"ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა [საკრებულო], მე მგონი დავრჩები, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვრები, არ მიგვატოვო, შენი მართალი ხმა გაგვაგონე. ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ", - უთხრა ნანა კოსტავამ ტელეკომოანია "იმედს".

მშენებლობის ზოგიერთი წესის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

თბილისის ხედი

თბილისის მერიამ მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით მშენებლობის ზოგიერთი წესის დარღვევა არა ადმინისტარციულ, არამედ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„მუნიციპალიტეტის არცთუ ისე ძლიერია ასეთი ტიპის დარღვევების აღკვეთის კუთხით, რადგან ზოგადად, პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც მოქმედებს, მაინც უშვებს მშენებლების მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები პირდაპირ თუ ირიბად მაინც ახერხებენ ეკონომიკური სარგებლის მიღებას“ - განაცხადა 19 ივნისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

მისი შეფასებით, უკანონო მშენებლობების გამო ჯარიმების გაათმაგებამ გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ყოველთვის კონკურენციაშია პოტენციურ ეკონომიკურ სარგებელთან, რომელსაც არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები დარღვევებით იღებენ.

შესაბამისად, კალაძის თქმით, თბილისის მერია იძულებული გახდა რადიკალური ცვლილებები განახორციელოს.

„ეს ცვლილებები ითვალისწინებს ზოგიერთი სამშენებლო მიმართულების დარღვევის სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაყვანას. ანუ, თუ იყო ადმინისტრაციული, უკვე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება K1 და K2 პარამეტრის დარღვევის, სიმაღლის პარამეტრის დარღვევის, უნებართვო მშენებლობის და მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების აქტის შეუსრულებლობისთვის“ - განაცხადა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თბილისის მერიის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერენ.

გიგა ბოკერია: ლევან ვასაძეს ჩემთან ერთად უნდა საკანში

არ ვიცი, ეს ლევან ვასაძის მხრიდან სიმპათიის გამოხატულებაა თუ არა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ ბიზნესმენ ლევან ვასაძის თხოვნასთან დაკავშირებით, რომ მასთან ერთად ჩასვან საკანში.

„პროგრესი მაქვს, სხვები უბრალოდ ციხეში ჩასმას ითხოვდნენ ჩემსას და ამას (ლევან ვასაძეს) ჩემთან ერთად უნდა საკანში. ოღონდ ეს სიმპათიის გამოხატულებად უნდა ჩავთვალო მისი მხრიდან თუ არა, არ ვიცი ჯერ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

19 ივნისს გამოქვეყნებულ მორიგ ვიდეომიმართვაში ლევან ვასაძე ამბობს, რომ თუკი „თბილისი პრაიდის“ აღსაკვეთად დაგეგმილი ღონისძიებებისთვის მას დაიჭერენ, უნდა დაიჭირონ „არეულობის მცდელობის მთავარი იდეოლოგი“ გიგა ბოკერიაც. ბიზნესმენი ითხოვს, რომ ისინი ერთ საკანში მეთვალყურეობის გარეშე ჩასვან.

"ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ მიზეზი დაპატიმრების", - ამბობს ლევან ვასაძე.

ნინო ლომჯარია: აზრის გამოხატვა არ არის, თუკი მისი მიზანია დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა გამოხატვის თავისუფლება ვერ იქნება.

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ამ დღეებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საპასუხოდ, ნაციონალისტური ჯგუფები კონტრაქციებს აპირებენ და ძალადობით იმუქრებიან.

„აზრის გამოხატვა უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოხატვა არ არის, თუკი მისი მიზანია დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი უფლებები შეზღუდონ. ეს არის კრიმინალი და იმედია, კრიმინალს შსს გასცემს შესაბამის, ადეკვატურ პასუხს“ - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

შეკითხვას, იქნება თუ არა „ღირსების მარშზე,“ სახალხო დამცველმა უპასუხა, რომ იქნება ყველგან, სადაც საფრთხე შეექმნება გამოხატვის თავისუფლებას.

„ჩემთვის ცნობილი არ არის, სად და რა ფორმით იმართება ეს ღონისძიება, მაგრამ ვიქნები ყველგან, სადაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ბოლქვაძე ღირსების მარშთან დაკავშირებით: რისკი არსებობს, ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, განაცხადა „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა მონახოს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ფორმები, რაც თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლოც იქნება და უსაფრთხოც.

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვგეგმავდით, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, აქტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყონ ამ პროცესში. ბოლო დღეებში, მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: უსაფრთხოების რა ზომების გათვალისწინებაც არის შესაძლებელი ორგანიზატორების მხრიდან არის გათვალისწინებული. მიმდინარე მომენტში მიდის დაძაბული მუშაობა, ათეულობით ადამიანია ჩართული იმისთვის, რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. პროცესში ჩართულები არიან როგორც მაღალჩინოსნები ასევე სამართალდამცველებიც და იმედი მაქვს, ეს მუშაობა იქნება ეფექტური. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ რისკების აცილებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას ვეტყვით, რომ რიკსები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის“-განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, განუცხადა რომ ვერ უზრუნველყოფს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის უსაფრთხოებას. ეს ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა. შსს მიზეზად უსაფრთხოების რისკებს ასახელებდა. თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა18 ივნისს განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ღირსების მარში მაინც ჩატარდება.

კიევში მკვდარი იპოვეს უკრაინის პარლამენტის წევრი

დმიტრი ტიმჩუკი

კიევში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, „სახალხო ფრონტის“ ფრაქციის წევრი დმიტრი ტიმჩუკი.

ამავე ფრაქციის წევრმა, ანტონ გერაშჩენკომ ფეისბუქზე დაწერა, რომ დმიტრი ტიმჩუკმა პისტოლეტის წმენდისას სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა.

დეპუტატის ბინაში საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

მედიამ დონბასში "ბოინგის" ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პირები დაასახელა

ავსტრალიელი და ჰოლანდიელი ექსპერტები ათვალიერებენ "მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ფრაგმენტს. 2014 წელი, დონეცკის ოლქი

ნიდერლანდის საზოგადოებრივმა ტელეარხმა NOS-მა დაასახელა უკრაინაში მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირის ვინაობა. ესენი არიან კურსკში დისლოცირებული 53-ე საზენიტო ბრიგადის მეთაური სერგეი მუჩკაევი, უკრაინის არმიის ყოფილი სამხედრო ივან ბეზიაზიკოვი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი სერგეი დუბინსკი და მისი ყოფილი მოადგილე ოლეგ პულატოვი, მეტსახელად გიურზა.

NOS-ის ცნობითვე, ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია და გამოძიებას ჩვენებას აძლევს.

ნიდერლანდის საზოგადოებრივმა ტელეარხმა ეს ინფორმაცია გაავრცელა საერთაშორისო საგამოძიები ჯგუფის მიერ ეჭვმიტანილთა ვინაობის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე.

„მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო "ბოინგი" უკრაინის დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანი.

საერთაშორისო საგამოძიები ჯგუფის დასკვნით, თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ბუკ“-ის გამოყენებით, რომელიც დონეცკის ოლქში ჩაიტანეს რუსეთის ქალაქ კურსკში დისლოცირებული 53-ე ბრიგადიდან.

პრაიდის მოწინააღმდეგე ადვოკატები ლეგიონებით და სამართლებრივი ჭინჭრებით იმუქრებიან

„ჭეშმარიტი ქართველების უფლებების“ დამცველი ადვოკატები

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრმა რამდენიმე ადვოკატმა შექმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მათი განცხადებით, უსასყიდლოდ დაიცავს „ჭეშმარიტი ქართველების უფლებებს.“

მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში პრესკონფერენცია ხუთმა ადვოკატმა გამართა. მათ ვერ დაასახელეს საინიციატივო ჯგუფის წევრთა კონკრეტული რაოდენობა.

ჯგუფის წევრია დავით ცინცქილაძე, რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამოცხადებული ე.წ. სახალხო ლეგიონის მონაწილეთა ინტერესებს იცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

„მზად ვართ, ყოველგვარი სასყიდლის და ანგარების გარეშე დავიცვათ ჭეშმარიტად ქართველების კანონიერი უფლებები და ინტერესები, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ექსტრემისტი ლგბტ პირების, მოძალადეების, სატანისტების, ლიბერასტების, მამათმავლების, ლესბოსელების, მამაძაღლების და უკუღმართების აღლუმებს, პარადებს და გალა-კონცერტებს“ - განაცხადა ცინცქილაძემ.

მისივე თქმით, „თუ მოხდება მსგავსი სახის სიბინძურის, გარყვნილების პროპაგანდირება“ და თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების და წესრიგის დაცვას, ქართველი ხალხი თვითორგანიზების საშუალებით მოახერხებს ამ წესრიგის დაცვას.

ცინცქილაძის განცხადებით, ძალაუფლების წყარო ხალხია და თუ სახელმწიფო ვალდებულებას არ შეასრულებს, ქართველი ხალხი იძულებული გახდება მისი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა აიღოს საკუთარ თავზე და ეს განახორციელოს ნებისმიერი სახით, მათ შორის აჯანყებითაც.

ადვოკატის თქმით, თუ ლგბტ პირები თავის განზრახვაზე უარს არ იტყვიან, ქართველი ხალხი მოახდენს თვითორგანიზებას იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც დააპირებენ „სიბინძურის და გარყვნილების პროპაგანდირებას.“

ცინცქილაძის განცხადებითვე, თუ ამ ადგილებზე იქნება პოლიციის კორდონი, კომუნიკაცია ექნებათ პოლიციასთან და მოუწოდებენ, რომ მან უზრუნველყოს „ამორალი ადამიანების, სატანისტების მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთა.“

ადვოკატ ცინცქილაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი მოახდენს თვითორგანიზებას, ჯგუფებად დაყოფას და ჯგუფების მიერ მოხდება ათეულების, ასეულების, ათასეულების და ლეგიონების ჩამოყალიბება და ყველა ადამიანი აგებს პასუხს იმ ქმედებაზე, რასაც განახორციელებს. ადვოკატი ამბობს, რომ პასუხს ვერ აგებს სხვის ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სისხლის სამართლის კოდექსს და ევროპულ კონვენციას.

საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, გაიოზ შარბიანის განცხადებით, ადვოკატები მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში იმოქმედებენ. „არავითარი კომბლები. ჩვენი ერთადერთი მოტივი არის, თუ საჭირო გახდა, სამართლებრივ ჭინჭრებს მიიღებენ“ - თქვა შარბიანმა.

ლევან ვასაძე: რატომ არ აპატიმრებთ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ქვეყნის არევას ცდილობენ

“არ ვიცი რას ეთამაშებით და რატომ არ აპატიმრებთ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ქვეყნის არევას ცდილობენ. გაძლევთ ბოლო შანს ამ თვალსაზრისითაც. ხალხი ქუჩაში აპირებს გამოსვლას, ჩვენ მაგას ვერ შევაკავებთ, ვინა ვართ და მერე დაიწყება უკვე მასიური პროცესები. შეიძლება ჩვენ თვითონ დავუძახოთ ხალხს ხვალ ან ზეგ, ოღონდ მარტო კაცებს არა, ქალებს, ბავშვებს, რომ დაგანახოთ რამდენი ვართ, მთელი თბილისი გამოვალთ გარეთ.“ - თქვა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 19 ივნისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ასევე მის მიერ მობილიზებულ ხალხს კომბლების სხვენში შეწყობისკენ მოუწოდა. ვასაძემ ამავე მიმართვაში განმარტა, რომ კომბლები მათ არა ლგბტქი პირების წინააღმდეგ, არამედ სამართალდამცველებისგან თავის დასაცავად ჭირდებოდათ იმ შემთხვევისთვის, თუკი პოლიცია მათ წინააღმდეგ ძალას გამოიყენებდა.

"თუ ვინმე არის აქ პრაიდი, ეს არის ქართველი კაცების საზოგადოება და როგორც არაერთხელ გითხარით, ნუ გვაიძულებთ იმის გაკეთებას, რასაც დაგპირდით, იმიტომ რომ შეგისრულებთ ხუთიანზე." - ამბობს ლევან ვასაძე, რომელიც მისი თქმით 19 ივნისის საღამოს ერთ-ერთი ამერიკული კონსერვატორული ტელეარხის საშუალებით გაავრცელებს მიმართვას ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ და ექნება პირდაპირ ეთერში ვრცელი ინტერვიუც, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შედგება, თუკი მას დაიჭერენ.

ლევან ვასაძე ამბობს იმასაც, რომ თუკი მას დაიჭერენ, უნდა დაიჭირონ "არეულობის მცდელობის მთავარი იდეოლოგი" გიგა ბოკერია.

"ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ მიზეზი დაპატიმრების. " - ამბობს ბიზნესმენი.

ლევან ვასაძე ამავე მიმართვაში აღნიშნავს, რომ არის ძალიან შეურაცხყოფილი ევროპელი ელჩების საქმიანობით, რომლებმაც მისი თქმით, საკუთარი ადგილი არ იციან.

„ჩვენო ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ თქვენი ამერიკელი პატრონების დავალებას - დაგვანებეთ თავი იმიტომ, რომ გენგრევათ თავზე ევროპა. წადით და მიხედეთ მას. ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც თქვენ დადიხართ ბოლო 30-40 წელია. როდესაც დაუბრუნდებით ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც არის პეტრესი და პავლესი, რომლებმაც შექმნეს ის ევროპა, მაშინ შეგვეხმიანეთ. ჩვენ თქვენთან მეგობრობა გვინდა. თუ რამე დაგაინტერესებთ, ჩვენი მამები უკეთ აგიხსნიან პეტრეს და პავლეს სიტყვები სწორად როგორ გაიგოთ. მანამდე გეშინოდეთ ევროპის იდენტობის დაკარგვისა, დაახლოებით 20-30 წლის მერე, თუ რამეს რადიკალურად არ შეცვლით“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტია გამოცხადდება

თბილისის ხედი

თბილისის მერია ამნისტიას გამოაცხადებს უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე.

დედაქლაქის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განმარტა, რომ ამნისტია გამოცხადდება უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში.

კალაძის ინფორმაციით, ამნისტია არ შეეხება უსაფრთხოების და ქალაქის ვიზუალური სტანდარტის დარღვევებს, მაგრამ გავრცელდება სხვა ისეთ დარღვევებზე, რომელთა გამოსწორება უკვე შეუძლებელია. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით.

კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში 600-ზე მეტი დასრულებული, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტია და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ ყოვლისა, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

„მაგალითად, კრედიტის ასაღებად თუ ესაჭიროება ბინის ჩადება, არც ერთი ბანკი საცხოვრებელ ფართს, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, არ ჩადებს. შესაბამისად, ასეთი შენობა-ნაგებობების და იმ დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი ფიზიკურად. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა მივიღოთ ეს შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში, თუმცა სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, მომავალ კვირაში გაიმართება პრეზენტაცია და საზოგადოებას დეტალურად წარედგინება ინფორმაცია, თუ ვის შეეხება ამნისტია.

ამასთან, კვლავ აიკრძალება ცხოვრება იმ შენობებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

„2009 წელს გაუქმდა აქტი და ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში შესაძლებელი გახდა ადამიანების შესახლება და ცხოვრება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იყო იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორისთვის ხელშეწყობა მომხდარიყო, თუმცა, დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ვიღებთ გადაწყვეტილებას და გვინდა რომ ეს აქტი, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, დავაბრუნოთ ძალაში" - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ლევან ვასაძე: კომბლები სხვენში!

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ტელეკომპანია იმედის ეთერში 18 ივნისს ჩატარებული ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ითვლის პრაიდის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, მადლობას უხდის ხელისუფლებას იმისთვის, რომ პრაიდის პირველ დღეს "მამათმავლებმა" გამოსვლა ვერ გაბედეს და ამისთვის უკეთებს ხელისუფლებას მისი თქმით "დიდ და ბოლო" საჩუქარს.

"მე მინდა მადლობა გითხრათ მაინც, რომ გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. თქვენ თქვენი სიტყვა შეასრულეთ და არ ჩაატარებინეთ, ვერ გაბედეს ამის ჩატარება. იმედია ასე იქნება დანარჩენ დღეებშიც და იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოვდგათ თქვენი მიმართულებით, რომ განახოთ ჩვენი კეთილი ნება ჩვენს ქვეყანაში წესრიგის დაცვისა, მინდა გაგიკეთოთ ერთი ძალიან დიდი და პრინციპში ბოლო საჩუქარი. ამის იქით არანაირი საჩუქარი აღარ იქნება და გეშინოდეთ, თუკი გამოიწვევთ არეულობისკენ.

საჩუქარი არის ასეთი, მე მინდა ჩვენს საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, კომბლები შეაწყონ ჭერში. კომბლები არასოდეს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის, ეს იყო განკუთვნილი იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია შეგვდგებოდა ზეგ წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას. რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, მე არ მაინტერესებს მამათმავლები რას ჭიჭყინებენ ახლა და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან ჩვენს სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით." - ამბობს ლევან ვასაძე 19 ივნისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელშიც ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუკი გადაიფიქრებენ და ლგბტქი თემს პრაიდის ჩატარების საშუალებას მისცემენ, ისხნის პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც შეიძლება მოხდეს.

"თუ თქვენ ამის შედეგად შეცვლით თქვენ გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, ზოგჯერ მეცინება, რა გახდა ერთი ჩხუბი და ერთი დაპატიმრება. თუ თქვენ ამას ჩვენ გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ. მერე ვერც მე, ვერც ვერავინ ვერ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი, პარლამენტს მოადგება ეს ხალხი, კანცელარიას თუ ბიძინას შუშის სახლს - მე მაგისგან ვიხსნი ყველანაირ პასუხისმგებლობას. ეს არის თქვენი სულ ბოლო შანსი." - ამბობს ლევან ვასაძე.

ბიზნესმენის გამოთვლით, რომელიც ტელეკომპანია იმედის ღამის ეთერში ჩატარებულ გამოკითხვას ეფუძნება პრაიდის ჩატარების მართებულობასთან დაკავშირებით, საქართველოში პრაიდის მომხრეების რიცხვი 200-300 ადამიანზე მეტი არ არის, ყველა დანარჩენი მისი წინააღმდეგია, თუმცა მისივე თქმით, ქართველები დიდად არ აქტიურობენ, ვინაიდან სახინკლეებში სხედან და აქტიურობა ეზარებათ.

“ყველა მამათმავალი რეკავდა ორი ტელეფონით მინიმუმ, შეიძლება სამითაც, ჯიგრები ქართველები სახინკლეებში ისხდნენ და ვისაც არ ეზარებოდა მხოლოდ ის რეკავდა. გამოდის რომ სინამდვილეში რეკავდა 200-300 კაცი. მე ახლა გამიჭირდება დავთვალო, რამდენია მანდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რომელსაც ქვეცნობიერად უყვარს მამათმავლების დგომა, ვინაიდან თავი წმინდანად მიაჩნია მათთან შედარებით და რამდენი არის ის უბედური. ძვირფასო ხელისუფლებავ, ეს არის თქვენი არჩევანი ქართველ ხალხსა და იმ ერთი მუჭა გარყვნილების პროპაგანდისტებს შორის.”

საქართველოს საგარეო ვაჭრობა წინა წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2019 წლის იანვარ-მაისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინასწარი შედეგები. ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 4 959.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1%-ით მეტია. ექსპორტი 14.2%-ითაა გაზრდილი, იმპორტი კი შემცირებულია 3.6%-ით

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 2 026.1 მლნ. აშშ დოლარი, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 22.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6%-ს შეადგენს.

ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობამ 885.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (11.5%-ით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.4% პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან იყო 1 246.7 მლნ. აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.9%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მაისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.9%-ით განისაზღვრა.

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 748.7 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 28.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 951.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.2%-ით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 27.2%-ია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 700.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.3%-ით მეტია.

2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულია რუსეთი (218.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.8 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (119.1 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.2% შეადგინა. პირველ სამეულში არიან: თურქეთი (595.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (349.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (347.9 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.1% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (701.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (568.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (435.6 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავეს 261.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 207.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 14.2%-ია. მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 136.7 მლნ. აშშ დოლარით (9.3 პროცენტი).

ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხა დააზარალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის კედელი მეხმა დაანგრია

ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახლების ნაწილს სახურავები აქვს გადახდილი.

სოფელ ლიაში მეხი დაეცა ცანავების საცხოვრებელ სახლს. დაინგრა კედლის ნაწილი. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა.

წალენჯიხისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.

დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანია დაიწყო

დონალდ და მელანია ტრამპები ორლანდოში გამართულ მიტინგზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში, მხარდამჭერთა მრავალათასიან მიტინგზე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ არასდროს არავის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც მისმა გუნდმა შეძლო ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში. დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს დაპირდა, რომ იმედს არასდროს გაუცრუებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დემოკრატები და განაცხადა, რომ რადიკალურად განწყობილ ოპონენტებს ამოძრავეთ სიძულვილი და ცრურწმენები. ტრამპმა ისაუბრა სპეციალური პროკურორის, მიულერის გამოძიებაზეც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ და თქვა, რომ მასზე მეტი სიმკაცრე რუსეთის მიმართ არავის გამოუჩენია.

დონალდ ტრამპის გარდა, რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობა სურს მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორს, 73 წლის უილიამ უელდს.

დემოკრატიული პარტიიდან არჩევნებში მონაწილოებას აპირებს 20-ზე მეტი პოლიტიკოსი. მათ შორის არიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სენატორი ბერნი სანდერსი და ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG