დავით გარეჯში დამოუკიდებლობის დღეს აქციით აღნიშნავენ. სამოქალაქო აქტივისტები უკვე იკრიბებიან ჩიჩხიტურის მონასტერთან, რის შემდეგაც მსვლელობით დაიძრებიან უდაბნოს მონასტრისკენ და იქ მშვიდობიან აქციას გამართავენ, ასევე გააკეთებენ ცოცხალ ჯაჭვს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრმა დავით ქაცარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში დაკეტილი ჩიჩხიტურის ტაძარი და უდაბნოს აღდგომის მონასტერი, 26 მაისს აქტივისტებს გახსნილი დახვდათ.
„მიუხედავად ამისა, ჯერ მკაფიო პასუხები არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, კომპლექსის ეს ნაწილი ერთი დღით გახსნეს თუ დამთვალიერებლებისთვის მუდმივად ღია იქნება. თუ ისევ დაკეტავენ, ეს გახდება ჩვენი გაცილებით მძაფრი პროტესტის საფუძველი. დღეს, იმისთვის ვიკრიბებით, რომ ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე, გავაფრთხილოთ აზერბაიჯანული მხარე და გადავცეთ ჩვენი გზავნილი ხელისუფლებას - რომ ჩვენ არ დავმშვიდდებით“- ამბობს დავით ქაცარავა.