საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, დღეს ჭიათურაში ჩავლენ ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
„პირველივე დღიდან მედიაციის პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია, ჩვენ შეგნებულად დავაცადეთ ორივე მხარეს, რათა მათ მოეხდინათ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოენახათ საერთო ენა, შემდგარიყო დიალოგი, რადგან ასეთი საკითხები პირველ რიგში უნდა წყდებოდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულების დიალოგის რეჟიმში. მაგრამ ვინაიდან საკითხების დიდი ნაწილი, როგორიცაა შრომითი უსაფრთხოება, შრომის ნორმალური პირობები, კვების ხარისხი, ეკოლოგიური საკითხები, რაც ნამდვილად გვადარდებს და ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასევე, ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, რათა ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს“ - განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, მათავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული კონფლიქტი, აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება სწრაფად. „თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე, ჩვენ კი უშუალოდ მედიაციაში ჩავერთვებით“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
რამდენიმე ასეული მაღაროელი მეორე კვირაა გაფიცულია ხელფასის გაზრდის, ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესების და ჭიათურაში მადნის გადამტანი მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის მოთხოვნებით.
რამდენიმე შეხვედრის მიუხედავად, გაფიცულებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.