„ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა. აქედან ჩვენ გლანძღავთ, იქიდან თქვენ გვლანძღავთ, რომელი უფრო უარესია, და ამ დროს საქართველო იჭყლიტება, ხალხო“ - ამ სიტყვებით პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. ადრესატებს შორის იყვნენ დავით მათიკაშვილი და კარლო კოპალიანი, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკრიტიკეს „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში, შალვა შავგულიძე.
ბობოხიძის გამოსვლას მოჰყვა მისი და კოპალიანის სიტყვიერი დაპირისპირება, რომლის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
მანამდე, შალვა შავგულიძის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა. მან ამორალური უწოდა, რომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ თავი აარიდა მედიის შეკითხვას, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები, რადგან არ ახსოვს რისთვის იხდის ახალაია სასჯელს. „სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სასჯელს იხდიან, იმ მრავალ პირთან ერთად, ბაჩო ახალაია და ივანე მერაბიშვილი. და ეს ყველაფერი არ იცოდა სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა?! ეს უეცარი გულმავიწყობაა, თუ შეგნებული მცდელობა, თავისთვის პოლიტიკურად სუბიექტურად არასახარბიელო პასუხი არ გასცეს მედიას და პოლიტიკური ქულები დაიწეროს, ან შეინარჩუნოს ამ პოზიციით?!“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპასუხოდ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელში არჩევნები გახდა უსინდისობის და უტიფრობის ტესტი. ხოშტარია დაინტერესდა „მათიკაშვილ-ზარდიაშვილი, უბიოგრაფიო, ან მძიმე ბიოგრაფიანი ადამიანები როგორ ბედავენ სანდრო გირგვლიანის ხსენებას.“
„სად იყავით თქვე, მართლა უნამუსოებო, როდესაც შალვა შავგულიძე რეალურად ებრძოდა სისტემას, ებრძოდა ქუჩაში, პოლიციის წინააღმდეგ, ებრძოდა სტრასბურგში და მოუგო. როგორ ბედავთ გირგვლიანის ხსენებას, როცა რამდენიმე დღის წინ, გირგვლიანის მოსამართლე უვადოდ დანიშნეთ და ერთ-ერთი მთავარი ჯალათი გირგვლიანის საქმის - მურუსიძე გამოფენილი გყავთ პოლიტიკურ აქტივისტად, აქებთ და ადიდებთ და სისტემას ასვამთ თავზე“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გარდაცვლილი ადამიანის სულით ვაჭრობს, რათა არჩევნებში ერთი ადგილი არ დათმონ და პარლამენტში წესიერი ადამიანი არ შეუშვან.
9 ივნისს, მთაწმინდის ოლქში გაიმართება პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭს იყრიან „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე.