უკრაინა იბრძოლებს ქერჩის სრუტისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებისთვის. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელენა ზერკალმა.
ზერკალის თქმით, სრუტისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება „მოხსნის ბევრ შეკითხვას“ და „სამართლებრივ გაურკვევლობას“ და რუსეთს აიძულებს, უზრუნველყოს ნაოსნობა მესამე ქვეყნებიდან.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გუშინ უკრაინის საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ რუსეთს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც მოსთხოვა მოსკოვს, შეასრულოს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის დადგენილება. ჰამბურგში მდებარე ტრიბუნალმა დაადგინა, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს შარშან დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და დააბრუნოს უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი.
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გუშინ უკუაგდო სააპელაციო საჩივარი უკრაინის ოცდაოთხი მეზღვაურის დაპატიმრების თაობაზე. მეზღვაურები მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორებში იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის საზღვრის დარღვევის ბრალდებით.
ქერჩის სრუტე შავ ზღვას აზოვის ზღვასთან აკავშირებს. უკრაინასა და რუსეთს შორის 2003 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით დადგენილია სრუტით სარგებლობის თანაბარი უფლებები. შეთანხმებით სრუტე მიიჩნევა ორი ქვეყნის შიდა და არა საერთაშორისო წყლებად. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი არ გამოსულა ამ შეთანხმებიდან, მაგრამ ამტკიცებს, რომ უფლება აქვს დაადგინოს ქერჩის სრუტით სარგებლობის წესები, მათ შორის უკრაინის ხომალდებისთვის. კერძოდ, მათ უნდა ისარგებლონ რუსეთის ლოცმანების მომსახურებით.
2018 წლის 25 ნოემბერს ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან რუსეთის მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და დააპატიმრეს 24 მეზღვაური. სამხედრო მოსამსახურეებს ბრალად სდებენ რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ამ მუხლით სასჯელი ითვალისწინებს ექვს წლამდე პატიმრობას.
კიევი მომხდარს აგრესიის აქტად, მეზღვაურებს კი სამხედრო ტყვეებად მიიჩნევს. უკრაინის პოზიციას ემხრობიან აშშ, ნატო და ევროკავშირი.