Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერული საბჭო ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს ეხმაურება


საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ეხმიანება ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭო პირადად დაუკავშირდა სტუდენტს და დამატებით მიიღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. მათივე ცნობით, საბჭო მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს და მადლობას უხდის მათ გამბედაობისთვის.

„სექსუალური შევიწროებისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებები სახელმწიფომ უკვე შექმნა - სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახე აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან, სექსუალური მოძალადისთვის განსაზღვრულია სათანადო პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეში ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლს, არამედ აზარალებს საგანმანათლებლო პროცესს და მთლიანად საზოგადოებას. დღეს, როდესაც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის ვიბრძვით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მზად არის ღიად ისაუბროს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, დაუცველობის განცდა არ უნდა დარჩეთ.

გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ ორგანოს, შემჭიდროებულ ვადაში განიხილონ საქმე და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება. საბჭო დააკვირდება უფლებამოსილი უწყებების რეაქციებს და განაგრძობს კომუნიკაციას ბსუ-ს სტუდენტ(ებ)თან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ბსუ-ს ლექტორმა ომარ მახარაძემ, რომელიც ამასთანავე ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველები“ 27 მაისს დატოვა.

ომარ მახარაძე სტუდენტმა გასულ კვირაში დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში. ლექტორი აცხადებს, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებამ აღძრული სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია უფრო მძიმე მუხლით შეცვალა. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით აღძრული საქმე გადაკვალიფიცირდა 139-ემუხლით, რაც გულისხმობს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე პატიმრობაა

XS
SM
MD
LG