ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო ქუთაისის შემოვლით გზაზე 2016 წელს მომხდარი ავტოავარიის საქმეზე. ამ ავარიას ემსხვერპლა 4 ადამიანის, მათ შორის კვირიკაშვილის ცოლის სიცოცხლე.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძის გადაწყვეტილებით, ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად მერაბ კვირიკაშვილის საკუთრებაში არსებულ სახლს და დაუბრუნდეს გირაოს თანხა, 15 ათასი ლარიც.
„ბრალდების მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული კვირიკაშვილის ბრალეულობა“- განაცხადა 30 მაისს, გადაწყვეტილების გამოცხადებისას მურთაზ კაპანაძემ. მოსამართლის თქმით, საქმეზე დაკითხული 6 ექსპერტი ადასტურებს, რომ მერაბ კვირიკაშვილს არ შეეძლო შეჯახების თავიდან აცილება.
პროკურატურა მერაბ კვირიკაშვილს ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის დარღვევას. ეს მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
პროკურორი ვალერი კუჭუხიძე სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვდა. მან ეჭვქვეშ დააყენა ერთ-ერთი მთავარი მოწმის, კახი ნემსაძის ჩვენება, რომლის მიხედვით, მერაბ კვირიკაშვილის ავტომანქანას დაბრკოლება შეუქმნა ღია ფერის ავტომობილმა და მანევრის გაკეთება აიძულა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
პროკურორმა სასამართლოს სხდომაზე ისიც თქვა, რომ საექსპერტო კვლევები არაკვალიფიციურად ჩატარდა, რამაც ხელი შეუშალა გამოძიების ობიექტურად წარმართვას. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ვალერი კუჭუხიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. ბრალდების მხარე სავარაუდოდ, გამოიყენებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.
მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა, ნუგზარ კვინიკაძემ სასამართლოს დასკვნით სხდომაზე განაცხადა, რომ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა და მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს ამყარებდა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ამტკიცებს. „რაც შეეხება დაუდგენელ ავტომანქანას, რომლის გამოც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მისი დაფიქსირება ვერ მოხერხდა, რადგან ავტომაგისტრალის იმ მონაკვეთზე ვიდეოკამერები არ არის. ექსპერტების დასკვნით, კვირიკაშვილს არ შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება“- თქვა ადვოკატმა. მისივე მტკიცებით, კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა, რასაც მოწინააღმდეგე მხარეს მოძრავი ავტომანქანის შეჯახების შემდგომი მდგომარეობა ადასტურებს.
თავად მერაბ კვირიკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლა და კომენტარი არც განაჩენის გამოცხადების შემდეგ გაუკეთებია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით სხდომას არ დასწრებია დაზარალებულის სტატუსის მქონე მალხაზ პაპასკირი, რომელიც ავტოავარიის შედეგად დაღუპული 26 წლის გიორგი პაპასკირის მამაა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ გიორგი პაპასკირის ცოლიც, მათი მეგობარი და თავად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მალხაზ პაპასკირმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ მერაბ კვირიკაშვილი თავხედურად და უნამუსოდ გაამართლეს. მალხაზ პაპასკირი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.