Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსუალურ შევიწროებაში ეჭვმიტანილმა საკრებულოს წევრმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა


ომარ მახარაძე
ომარ მახარაძე

ბათუმის საკრებულომ დააკმაყოფილა სტუდენტის მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ომარ მახარაძის განცხადება იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. კომისიის თავმჯდომარედ თემურ კახიძე აირჩიეს.

ომარ მახარაძემ, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც იყო, საკუთარი სურვილით დატოვა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველებიც.“

მახარაძემ, რომელიც სტუდენტი გოგონას ბრალდებას უარყოფს, საკრებულოს თავმჯდომარეს 27 მაისს მიმართა განცხადებით, რომ „სიმართლის დადგენამდე“ ტოვებს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას და ფრაქციას.

28 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით, ომარ მახარაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა. მანამდე საბჭომ დახურულ სხდომებზე გამოკითხა გოგონა, რომელიც მახარაძეს ბრალს სექსუალურ შევიწროებაში სდებს და სხვა სტუდენტებიც.

ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. მას მტკიცებულებებად აქვს სავარაუდო მიმოწერა მახარაძესთან, ინტიმური ფოტოების გადაღების და გაგზავნის თხოვნით. სტუდენტმა მედიასთან პირველი განცხადება 21 მაისს გააკეთა.

თავდაპირველად შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით, თუმცა, სტუდენტის გამოკითხვის შემდეგ, 24 მაისს საქმეს კვალიფიკაცია უფრო მძიმე მუხლით შეუცვალა. ამჟამად გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას.

30 მაისს, ბათუმის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, ომარ მახარაძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ აგორებულია ბინძური კამპანია, რომელსაც კატეგორიულად ემიჯნება და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

XS
SM
MD
LG