Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი იღებს პასუხისმგებლობას ქაბულში დღეს მოწყობილ აფეთქებაზე


ქაბული, 2019 წლის 31 მაისის აფეთქების ადგილი
ქაბული, 2019 წლის 31 მაისის აფეთქების ადგილი

თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა 31 მაისს ქაბულში დანაღმული ავტომანქანით მოწყობილ აფეთქებაზე - ბოლო ორ დღეში უკვე მეორე ასეთ თავდასხმაზე.

წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა, ან დაიჭრა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.

აფეთქება მოეწყო აღმოსავლეთ ქაბულის იაკატოტის რაიონში, როცა იქ აშშ-ის სამხედრო ბადრაგმა ჩაიარა. ამერიკელი სამხედროების წარმომადგენლის განცხადებით, მსუბუქად დაიჭრა ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი.

საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა ოთხი და დაიჭრა სამი ავღანელი გამვლელი.

თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა გამოაცხადა, რომ აფეთქება თალიბების მოწყობილია და რომ მოკლულია 10 ამერიკელი ჯარისკაცი. ამ ინფორმაციას სხვა წყაროები არ ადასტურებენ.

30 მაისს ექვსი ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო ავღანეთის სამხედრო აკადემიასთან - 31 მაისის აფეთქების ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრში. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG