რუსეთის შეფასებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცდება ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის განხილვა, რასაც კიევი მოითხოვს.
ჰააგაში დაფუძნებული სასამართლო, რომელიც გაეროს მთავარი სასამართლო ორგანოა, 3 ივნისს შეუდგა უკრაინის სარჩელის განხილვას.
რუსეთის წარმომადგენლები გადაჭრით უარყოფდნენ კიევის ბრალდებას, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ტერორისტების ქმედებას აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის აპრილიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი მთავრობის ჯარებსა და მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის. ხუთ წელიწადში კონფლიქტმა 13 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
უკრაინის წარმომადგენლები 4 ივნისს გამოვლენ კიევის არგუმენტებით.
მოსკოვმა 2014 წლის მარტში დაიპყრო უკრაინის კუთვნილი ყირიმი, ხოლო აპრილიდან ეხმარება სეპარატისტებს, რომლებმაც მას შემდეგ კონტროლი დაამყარეს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების ნაწილზე.
უკრაინამ 2017 წლის იანვარში შეიტანა სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. ის რუსეთს ადანაშაულებს ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო საერთაშორისო კონვენციისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში.
უკრაინის სარჩელი ეხება აგრეთვე რუსეთის სავარაუდო კავშირს 2014 წლის ივლისში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. ავიაკატასტროფამ თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.