საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მომხდარ ტრაგედიას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საქმე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ჰქონია საგამოძიებო ორგანოს."
თეა წულუკიანის თქმით, საქმეს პირველივე დღიდან იძიებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანო და ზედამხედველობდა პროკურატურა.
„მათ გააკეთეს ის, რაც შეძლეს იმ პირობებში, როდესაც, თუ არა ყველა, არა ერთი მოწმე არასრულწლოვანი არასრულ, ცრუ ჩვენებას აძლევდა, ფარავდნენ ერთმანეთს და იმ მოკლე ვადებში, რომელსაც ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, შეუძლებელი იყო იმაზე უფრო მეტი მტკიცებულებების მოპოვება თავის დროზე, რაც იქნა მოპოვებული“ - უთხრა ჟურნალისტებს წულუკიანმა.
მისი შეფასებით, სააპელაციო განაჩენი დადგა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, რომელმაც ჩათვალა, რომ პროკურატურის პოზიციის ნაწილი იმსახურებდა გაზიარებას, ნაწილი კი არა. „სწორედ ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
4 ივნისს, შსს-მ არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავა პროკურატურის მოწმის სტატუსის მქონე მიხეილ კალანდია.
არასრულწლოვან დავით სარალიძეს 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.
მკვლელობის ბალდებით მალევე დააკავეს არასრულწლოვნები გ.ბ. და გ.ჯ.
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოძიების მიმდინარეობისას მუდმივად აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა მიხეილ კალანდიაც. მას ოფიციალურად პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა. კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი რეკომენდაცია.
მიხეილ კალანდიას დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.
პროკურატურა ითხოვდა, რომ გ.ბ. დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.
რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, გ.ჯ-ს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.