Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება კერძო აქტივობა იყო


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის აუცილებლობის შესახებ კერძო აქტივობა უწოდა.

"კერძო აქტივობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ წაადგა მაინცდამაინც ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას. თუმცა, რამდენად ჰქონდათ ამისთვის საბაბი, მეორეა. მე მგონია, რომ ამისათვის საფუძველი არ არსებობდა, საბაბის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია, კონსულტაციების რეჟიმში ხელისუფლებებს შორის ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს ეს საკითხი და ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ასევე პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებაზე იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება პრემიერ-მინისტრთან იყო შეთანხმებული. „არ ვიცი სად რა კომუნიკაცია შედგა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„მინდა, საქართველოს პრეზიდენტის სახელით დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს განცხადება იყო შეთანხმებული პრემიერ-მინისტრთან”, - თქვა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თებერვალში, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი საბოლოოდ უნდა დადგინდეს, ამიტომ გადაწყვიტეს, შესაბამის კომისიებს მისცენ მუშაობის განახლების მითითება.

პრეზიდენტის ამ განცხადებიდან დაახლოებით ორ თვეში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზა რამდენიმე დღით დაკეტეს, რასაც საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

XS
SM
MD
LG