არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს საბიუჯეტო დაფინანსებით დაინტერესდა და მისი ყოველწლიური და შექმნის დღიდან გასული 10 წლის ხარჯები გამოაქვეყნა. აღნიშნული მონაცემებით, ჰერალდიკის საბჭოს სახელმწიფო ყოველწლიურად 423 000 ლარით აფინანსებს, 2008-2018 წლების განმავლობაში კი მთლიანობაში 4,7 მილიონი ლარი დაიხარჯა.
„ფლანგვის დეტექტორის“ თანახმად, ჰერალდიკის საბჭოს ძირითადი ფუნქცია სახელმწიფო სიმბოლოების შექმნაა. თუმცა, რადგან სახელმწიფო სიმბოლიკას ყოველწლიური განახლება არ სჭირდება, საბჭოს საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლება გარკვეულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლითა და „თანამედროვე ქართული სახელმწიფო სიმბოლოების“ გამოფენით.
„მსგავს გამოფენები “ცნობიერების ამაღლების მიზნით” მუნიციპალიტეტებში ეწყობა და ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებიან. საბჭო წელიწადში ერთხელ უშვებს ჟურნალ “ჰეროლდის” ნომერს.
საბჭოს აქვს youtube გვერდიც, რომელსაც 4 გამომწერი ჰყავს, ხოლო ვიდეოებს საშუალოდ 11-12 ნახვა აქვს“,-აღნიშნავს „ფლანგვის დეტექტორი“ ჰერალდიკის საბჭოს საქმიანობის შეფასებისას.
ორგანიზაცია ჰერალდიკის საბჭოს „საეჭვო დანიშნულების“ ღონისძიებებს შორის ასახელებს ასევე ჯილდოების გაცემას სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. "ჰერალდიკის საბჭოს" თანახმად, მიმდინარე წელს ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ დეპუტატები ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი.