Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიჩკომ თავისი პარტიის თავმჯდომარეობა სააკაშვილს შესთავაზა


ვიტალი კლიჩკო
ვიტალი კლიჩკო

კიევის მერმა, ყოფილმა მოკრივემ, ვიტალი კლიჩკომ მისი პარტიის „უდარ“-ის თავმჯდომარეობა შესთავაზა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს.

4 ივნისს, ღამით კლიჩკომ ფეისბუქით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ პარტია „უდარ“-ი მონაწილეობას მიიღებს 21 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და პარტნიორებს გაერთიანებას სთავაზობს.

„მე ვრჩები პარტიის ლიდერად, მიხეილ სააკაშვილს კი ვთავაზობ გახდეს პარტიის თავმჯდომარე“ - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

კიევის მერი აღნიშნავს, რომ მიხეილ საააკაშვილის პოლიტიკურ ძალას არჩევნებში მონაწილეობისთვის ბარიერი შეექმნა, ამიტომ მზად არის "თავისი პოლიტიკური მხარი შეუყენოს."

კლიჩკოს ვიდეომიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიას, "ახალ ძალთა მოძრაობას" უკრაინის "წინა ბანდიტურმა ხელისუფლებამ" რეგისტრაცია გაუუქმა, ამიტომ უკვე რეგისტრირებულ პარტიებს მიმართავს, რომ მისი პარტიის აქტიურ წევრებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ.

უკრაინული მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ კანონის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარეობა, მაგრამ არ შეუძლია საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა, რადგან ბოლო წლებში უკრაინაში არ უცხოვრია.

3 ივნისს, სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის პარტიას და ამასთან, ბევრ წესიერ ადამიანს უნდა დაეხმარონ ხელისუფლებაში მოსასვლელად.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს 28 მაისს აღუდგინა წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ 2017 წელს ჩამორთმეული მოქალაქეობა. სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს დაბრუნდა.

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან კავშირი გააორმაგებს უკრაინაში ცვლილებებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ამასთან, კლიჩკო აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის, მის ნაბიჯებს ეფექტური რეფორმირებისკენ და ერთგულებას უკრაინის ევროატლანტიკური კურსის მიმართ.

კლიჩკოს პარტია „უდარ“-ი 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს პეტრო პოროშენკოს უჭერდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG