საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი.
სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, კომიტეტმა კვლავ მოიწონა ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ატარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, საერთოდ არ განიხილა მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი.
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მინისტრმა კომიტეტმა მოიწონა, რომ:
2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ივანე მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5 დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით, 30 დღით გახდება შესაძლებელი; ამ ბრძანების 15 პენიტენციურ დაწესებულებაში იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება 2019 წლის 1 ივლისს და დასრულდება 2021 წლის 1 იანვრამდე;
პარლამენტმა დაამტკიცა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის აღსრულების საკითხი პირველად 2018 წლის 4 დეკემბერს შეაფასა, მოიწონა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის მთავრობისთვის ივანე მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობითვე, ივანე მერაბიშვილის საქმის შემდგომი განხილვა 2019 წლის სექტემბრის სხდომაზე აღარ გაიმართება და მას მინისტრთა კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.
სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − ციხიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა, მერაბიშვილის პატიმრობა კი კანონიერად მიიჩნია.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით წელიწადში ოთხჯერ, მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში იკრიბება. კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს 47 ქვეყნიდან კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.