საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ღირსეული წინადადება უწოდა კიევის მერის, პარტია „უდარ“-ის ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებას, დაიკავოს ამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა.
„პარტიებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის საპასუხოდ, ვიტალი კლიჩკომ დახმარების ხელი გამოგვიწოდა და ღირსეული წინადადება გააკეთა. მაგრამ მე ყველაფერს ღიად გავაკეთებ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენ აზრს გავიგებ. ჩვენ ან „უდართან" ერთად უნდა წავიდეთ სრული რეფორმირების პირობით, ან მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არ წავიდეთ და არჩევნებს მიღმა დარჩენის რისკის წინაშე დავდგეთ “ - მიმართა მხარდამჭერებს სააკაშვილმა ფეისბუქის პირადი გვერდიდან.
კიევის მერმა, ყოფილმა მოკრივემ, ვიტალი კლიჩკომ მისი პარტიის, „უდარ“-ის თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილს 4 ივნისს შესთავაზა.
კლიჩკომ ფეისბუქით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ „უდარ“-ი მონაწილეობას მიიღებს 21 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.
„მე ვრჩები პარტიის ლიდერად, მიხეილ სააკაშვილს კი ვთავაზობ გახდეს პარტიის თავმჯდომარე“ - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
კიევის მერი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას არჩევნებში მონაწილეობისთვის ბარიერი შეექმნა, ამიტომ მზად არის "თავისი პოლიტიკური მხარი შეუყენოს."
კლიჩკოს ვიდეომიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიას, "ახალ ძალთა მოძრაობას" უკრაინის "წინა ბანდიტურმა ხელისუფლებამ" რეგისტრაცია გაუუქმა, ამიტომ უკვე რეგისტრირებულ პარტიებს მიმართავს, რომ მისი პარტიის აქტიურ წევრებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ.