Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი მოსკოვის კლინიკიდან გერმანიაში გადაიყვანეს


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან ასლან ბჟანია მოსკოვის კლინიკიდან გერმანიაში გადაიყვანეს.

ოპოზიციის შტაბის წარმომადგენელმა თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიაში გამგზავრებამდე მოსკოვში შეხვდა ასლან ბჟანიას, რომელიც ხმადაბლა საუბრობს, თუმცა, გარკვევით წერს, ხუმრობს, წყალს დამოუკიდებლად სვამს და ახალ ამბებს ინტერნეტით ეცნობა.

ხიშბას ინფორმაციით, გერმანიიდან მიწვეულმა ექიმმა ბჟანიას მდგომარეობა შეამოწმა, გაუმჯობესების დინამიკა დაადასტურა და შესაძლებლად ჩათვალა გერმანიაში მისი ტრანსპორტირება. ასლან ბჟანია მოსკოვიდან ბერლინში 5 ივნისს გადაიყვანეს და მკურნალობას გერმანიაში განაგრძობს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან ასლან ბჟანია მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მაისში მოათავსეს. მის ოფიციალურ დიაგნოზს ექიმები პაციენტის თანხმობის გარეშე არ ასახელებდნენ.

აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბჟანია მოწამლეს, რადგან მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას დამარცხების რეალური შანსი აქვს. თავის მხრივ, ხაჯიმბას ხელისუფლება ირწმუნება, რომ რუსმა ექიმებმა ასლან ბჟანიას მოწამვლის ვერსია არ დაადასტურეს. 5 ივნისს, აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური პროკურორის მოადგილემ, ეშსოუ კაკალიამ განაცხადა, რომ ასლან ბჟანიას დიაგნოზი მწვავე აუტოიმუნური დაავადებაა.

ბჟანიას ავადმყოფობის გამო, ხაჯიმბას ოპოზიციამ 20 მაისს მოითხოვა ე,წ, საპრეზიდენტო არჩევნების 21 ივლისიდან 23 ნოემბრამდე გადადება. უარის შემდეგ ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და საპროტესტო აქციები დაიწყო რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით. თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციას ბრალს სდებდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში.

22 მაისს, ხაჯიმბამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ე.წ. არჩევნების 21 ივლისიდან 25 აგვისტოსთვის გადატანის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG