შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგი"-ის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
სასტუმრო "რუმსი" კომპანია "აჭარა ჯგუფს" ეკუთვნის.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
შსს-ს ცნობითვე, 6 ივნისს კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა და შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი - ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.