„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ უარყოფითად აფასებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30 დღიდან 5 დღემდე მცირდება ე.წ. "ოქროს სიაში" მყოფი კომპანიებისთვისაც.
ორგანიზაციის შეფასებით, „ცვლილება იყო ბიზნესისთვის მოულოდნელი და ვერ შეფასდება პრო-ბიზნესურად,“ საშეღავათო პერიოდის გაუქმება კი გაზრდის იმპორტიორი კომპანიების მხრიდან ნაღდ ფულზე მოთხოვნას, რაც ფინანსებზე ისედაც გართულებული წვდომის პირობებში, მხოლოდ ნეგატიურად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.
„გაუგებარია ერთი მხრივ, რით იყო გამოწვეული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე მხრივ, რა საჭიროებას წარმოადგენდა ასეთი სიჩქარე. მსგავსი ცვლილებები არ უნდა შედიოდეს მყისიერად ძალაში და ბიზნესს უნდა ეძლეოდეს გონივრული ვადა ადაპტაციისთვის” - აცხადებს „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ და ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ მოუწოდებს.
ფინანსთა მინისტრის მიერ 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ოფიციალურად 3 ივნისს გამოქვეყნდა, უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამაც.“
მისი განცხადებით, იმპორტიორთა მიერ გადასახადის გადახდის ვადის მნიშვნელოვნად შეცვლა ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს. ასოციაციას მიაჩნია, რომ ცვლილების ამოქმედების ვადამ უნდა გადაიწიოს და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები.
„უკანასკნელი წლების განმავლობაში საგადასახადო გარემოსა და საგადასახადო ადმინისტრირების მუდმივი გაუმჯობესების ფონზე, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ცალსახად გამონაკლისი და უკანგადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავს საკანონმდებლო აქტებში ბიზნესთან სათანადო კონსულტაციების გავლისა და ერთობლივი ანალიზის გარეშე განხორციელებული ისეთი ცვლილება, რომელიც უშუალოდ ბიზნესსფეროს ეხება, ნეგატიურ გავლენას იქონიებს კომპანიების ყოველდღიურ, საოპერაციო საქმიანობაზე. ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებულ ბრძანებაში ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ნაჩქარევია. შესაბამისად, იმედი გვაქვს დაიწყება ბიზნესთან პირდაპირი დიალოგი და კონსულტაციები აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვის მიზნით,“ - აცხადებს „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.“