Accessibility links

site logo site logo

გარიგებული მატჩების საქმე: 5 ფეხბურთელს საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა


ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ ფეხბურთელს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო საფეხბურთო კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დააჯარიმა. სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა 4 ივნისს შედგა.

„კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს: გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა.

ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით“, - წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ 6 ივნისს გავრცელებულ წერილობით ინფორმაციაში.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიის“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ფეხბურთელებს „დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა“.

22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა საფეხბურთო მატჩების ე.წ. ჩაწყობის საქმეში ბრალდებული 11 პირიდან ოთხს. აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ: საფეხბურთო კლუბ "ჭიათურის" ფეხბურთელს, ირაკლი ხუჭუასა და ყოფილ ფეხბურთელებს: ნიკა დაუშვილს, ვახტანგ ჯაყელსა და ლაშა ჩაფიძეს.

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული კიდევ შვიდ პირს სასამართლომ 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მათ შორის არიან „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები - ჯონი შეროზია, გიორგი გეთიაშვილი, პაატა ღუდუშაური, ნიკოლოზ მაისურაძე, ნოდარ კიკნაველიძე და ლანჩხუთის „გურიის“ ფეხბურთელები - ირაკლი ბაჯელიძე და რობერტ იმერლიშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 20 მაისს განაცხადა, რომ სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დააკავა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი.

სუს-ის ცნობითვე, ამ გზით „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს 93 500 ლარი.”

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG