Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში ინაცვლებს


რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები. 2006 წლის 17 ოქტომბერი
რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები. 2006 წლის 17 ოქტომბერი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განიხილავს ე.წ. „დეპორტირებულების საქმეს“ - ამის შესახებ დღეს, 7 ივნისს იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საქმე ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლთათვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2 მაისს მიმართა და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არ გადაიხადა დაკისრებული თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ 3 თვიან ვადაში, 2019 წლის 1 მაისამდე, საქართველომ კომიტეტისგან საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და დებატების გამართვა მოითხოვა. კომიტეტს ეთხოვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო რუსეთისაგან ოფიციალური განმარტების მიღებაც.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მინისტრთა კომიტეტმა მთლიანად გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია და რადგან რუსეთის მთავრობამ კომიტეტს არ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის არგუმენტაცია, დეპორტირებულების საქმეზე დებატები უახლოეს სხდომაზე ჩანიშნა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა. საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ პირებზე.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიმართავს ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG