Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის მინისტრი: „გაზპრომის“ გაზი მნიშვნელოვანი მოტივატორია


„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტია ენერგეტიკული და სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 7 ივნისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მისი თქმით, ეს პრიორიტეტი „ზედმიწევნით შესრულდა".

„თქვენ დღეს თუ ჩახედავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე, 2 500 000 000 კუბური მეტრის ბაზრიდან, რაც არის ჩვენი მთლიანი მოხმარება, გაზის 95% არის აზერბაიჯანული წარმომავლობის. აზერბაიჯანი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად. აზერბაიჯანული გაზით იფარება ჩვენი სტრატეგიული მომხმარებელი“,- განაცხადა თურნავამ.

სტრატეგიულ მომხმარებელთა სიაში მინისტრი ასახელებს: მოსახლეობასა და თბოელექტროსადგურებს (ელექტროენერგიის გენერაციას). მისი თქმით, „გაზპრომის“ გაზი კონკურენციის შესაძლებლობას ქმნის კომერციული სექტორისთვის და პროცესმა სასარგებლო შედეგებიც მოიტანა.

„კომერციულ სეგმენტში, ბიზნესში ჩვენ ყოველთვის (ელექტროენერგიისა თუ გაზის სექტორში) მომხრე ვართ იმისა, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია. („გაზპრომთან“) ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, და დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, რადგან დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ ჩვენ შევძელით პირობების გაუმჯობესება მათ შორის მიწოდებული გაზის ფასის ნაწილშიც... და ახლა, მცირე დოზით, მართალია, (ჩვენი მოხმარების სულ 5%), მაგრამ ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, „გაზპრომის“ გაზის დიდი ნაწილი გაიყიდა აუქციონის მეშვეობით და „შედგა ძალიან დიდი კონკურენცია“, რომელშიც 8 კომპანია მონაწილეობდა.

„ეს გაზი შეიძლება ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის. აქედან გამომდინარე, ალტერნატივის არსებობა კომერციულ ბაზარზე ისევ და ისევ ჩვენი ბიზნესების კონკურენტუნარიანობით არის განპირობებული. თუმცა ეს არის მხოლოდ 5% ჩვენი წლიური მოხმარების. ასე რომ - „გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასოდეს იქნება შესაძლებელი“, - ამბობს ნათია თურნავა.

XS
SM
MD
LG