Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" პენსიონერებს ინტერესების დაცვას დაპირდა


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს იწყებს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა პენსიონერებთან შეხვედრისას.

ვაშაძემ „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ძარცვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, "ლიბერთი ბანკს," რომელიც გასცემს პენსიას და ამ პენსიით უზრუნველყოფილ სესხს, საპროცენტო განაკვეთი სხვა ბანკებთან შედარებით სამჯერ მეტი აქვს და 36%-ს შეადგენს.

„გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და გახდეს ნული პროცენტი და ეს სესხის გაცემისთვის დადგენილი მომსახურების ხარჯი დაფაროს სახელმწიფომ“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე გაჟღერდება, სწორედ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული ძირეული რეფორმა იქნება.

„საქართველოში დღეს კატასტროფული ეკონომიკური სიტუაციაა და ეს სიტუაცია აისახება ყველაზე მეტად დაუცველ კატეგორიებზე პენსიონერებზე და ბავშვებზე. როდესაც ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, გეგონება პენსიონერები ან პენსიის გაცემა ხელისუფლების ან საზოგადოების კეთილი ნება არის. მათ ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ ქვეყანას ქმნიდა, ეკონომიკას ქმნიდა და ამ საზოგადოებას ქმნიდა” - განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, 400 ათას პენსიონერს აქვს აღებული პენსიით უზრუნველყოფილი სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც მწირი პენსია პენსიონერს არც სურსათზე და არც მედიკამენტებისთვის ყოფნის.

XS
SM
MD
LG