ანაკლიის პროექტის პრიორიტეტის კონტექსტში განვიხილავთ ნებისმიერ სხვა ინიციატივას ალტერნატიული საპორტო განვითარების შესახებ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. მინისტრის თქმით, ასეთი მიდგომა შეეხება ყველა „თუნდაც ძალიან საინტერესო და ყურადსაღებ ინიციატივას“ და მათ შორის - ფოთის პორტთან მიმართებითაც.
ნათია თურნავას თქმით, სწრაფი რეაგირება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სააგენტოს ხელმძღვანელმა არ შეუთანხმა მას თუნდაც „მეორეხარისხოვანი“ დოკუმენტის გაცემა ფოთის პორტის მფლობელი კომპანიისთვის, „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“. მინისტრი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ამ პოსტზე მის მოსვლამდე მომზადდა.
„მეორეხარისხოვანი დოკუმენტი რატომღაც შერაცხეს სამშენებლო ნებართვად. სულ მცირე, მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში მშენებლობა რომ დაიწყო. 20-მდე სხვადასხვა საკითხი უნდა იყოს წარმოდგენილი და შესრულებული იმისთვის, რომ მიიღო (მშენებლობის) ნებართვა...
საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე... ის ძირითადად მომზადდა და შეიკრა მინისტრად ჩემ დანიშვნამდე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მნიშვნელობა აქვს იმას, რა მოვიმოქმედეთ“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ეს დოკუმენტი გაუქმებულია, ხოლო სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ის „ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თუნდაც უმნიშვნელო დოკუმენტთან დაკავშირებით“ არ ჩააყენა საქმის კურსში, გათავისუფლდა თანამდებობიდან.
29 მაისს, საღამოს, ფოთის ნავსადგურის მფლობელმა კომპანიამ - „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. ამ ინფორმაციას განგაში მოჰყვა როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და ეკონომიკის სამინისტროსთვის, რასაკვირველია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე.
„მე არ დავიღლები და კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი იმ მხარდაჭერის ელემენტებს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ანაკლიას, როგორც პროექტს და ვთავაზობთ კერძო ინვესტორს. ეს არის 100 მილიონი დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს ინვესტორი; ეს არის 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია და ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის კონკრეტული ვალდებულება;
იგივე - მოქნილი ვადები ... ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, რომ პირველი ვადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან სამუშაოების დაწყების და ფინანსური დახურვის მიღწევის, ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო, იმის შემდეგ სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება და შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ ვიხილავთ ფინანსების მოზიდვის საკითხებს,“- აცხადებს მინისტრი.
ამასთან, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადების დარღვევისთვის დაკისრებული 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პირგასამტეხლო აპატია.
„სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო, ვადების დარღვევის გამო. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შედგეს - რადგან ანაკლია არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის.
ჩვენ დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომელიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენს ლოგისტიკურ სისტემაში და ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში... და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს,“- განაცხადა მინისტრმა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სახელმწიფოს ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიისთვის ჯარიმა არასოდეს დაუკისრებია და შესაბამისად, შეუძლებელია ლაპარაკი პირგასამტეხლოს პატიებაზე. ამასთან, როგორც კონსორციუმში აღნიშნეს, სხვადასხვა დროს გადავადება სახელმწიფომაც არაერთხელ მოითხოვა.