რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ დაადასტურა ახალი, მესამე სისხლის სამართლის საქმის არსებობა სანავთობე კომპანია „იუკოსის“ წინააღმდეგ. ამის თაობაზე ჩაიკამ უთხრა „ჰოლდინგ ერბეკას“-ს კორესპონდენტს, მაგრამ არ დაუზუსტებია ამ საქმის დეტალები.
მანამდე „იუკოსის“ წინააღმდეგ აღძრული ახალი საქმე ტელეკომპანია „ენტევეს“ ეთერში 31 მარტს ნაჩვენებ ფილმში იყო ნახსენები.
ავტორები იშველიებდნენ რუსეთის გენერალური პროკურორის მრჩეველ სალავატ კარიმოვას, რომლის მტკიცებითაც „იუკოსის“ ყოფილმა თავმჯდომარემ მიხაილ ხოდორკოვსკიმ უკანონოდ მოახდინა კომპანიის პრივატიზება, რისთვისაც მაშინდელ ხელმძღვანელობას ქრთამი მისცა.
კომპანიის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სახელმწიფო სათათბიროში მმართველი „ედინაია როსიას“ დეპუტატმა ვიქტორ კაზაკოვმა ტელევიზიით გასულ სიუჟეტში ნახსენებ ინფორმაციას „ფანტაზია“ უწოდა.
თავად ხოდორკოვსკიმ "ერბეკასთან" საუბარში განაცხადა, რომ მას ზემოხსენებული გამოძიება არ აინტერესებს.
„იუკოსის“ ყოფილი თავმჯომარე მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს გადსახადების თავიდან არიდებისა და თანხების მითვისების ბრალდებით. 2005 წელს მას ბრალი წაუყენეს, რასაც 2010 წელს დაემატა დიდი რაოდენობის თანხების გათეთრება და ნავთობის დატაცების ბრალდება. საერთო ჯამში სასამართლომ ხოდორკოვსკის მიუსაჯა 10 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მსჯავრდებულმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
2013 წელს რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა ხოდორკოვსკი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს.