Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა MDF-ისა და IDFI-ის სარჩელები


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები „მედიის განვითარების ფონდი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტებისა და მათში მოცემული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებს.

მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები გამორიცხავდა სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას და მათი გასაჯაროების შესაძლებლობას უშვებდა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გაცემა კი სრულად იკრძალებოდა მონაცემთა მფლობელის თანხმობის გარეშე.

მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.

მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ კანონმდებლობა ადგენდა სამართლიან ბალანსს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) და არაკონსტიტუციურად სცნო იგი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

შედეგად, შესაძლებელია, დარღვეულიყო იმ პირთა პირადი ცხოვრების უფლება, რომელთა პერსონალური მონაცემებიც მოცემულია ამა თუ იმ სასამართლო აქტში.

ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და საქართველოს პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

XS
SM
MD
LG