Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მიმდინარეობს ერთკაციანი პიკეტები ჟურნალისტ გოლუნოვის მხარდასაჭერად


ერთკაციანი პიკეტები
ერთკაციანი პიკეტები

მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სამმართველოს წინ დაიწყო ერთკაციანი პიკეტები ვებსაიტ „მედუზის“ ჟურნალისტის, პოლიციის მიერ ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის ბრალდებით დაკავებული, ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად.

აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტები, საზოგადო მოღვაწეები და სამოქალაქო აქტივისტები.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთკაციან პიკეტებში მონაწილეთა მსურველები რიგში დგანან.

მანამდე პოლიცამ დააკავა ერთკაციან აქციებში მონაწილეები - მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, ლიტერატურის კრიტიკოსი ანა ნარინსკაია, ჟურნალისტები ილია აზარი და პაველ კანიგინი, უფლებადამცველი ვიქტორია ივლევა, ჯამში - 14 კაცი, რომლებიც მალევე გამოუშვეს, როგორც იუწყებიან, ოქმის შედგენის გარეშე.

გოლუნოვის მხარდამჭერი ერთკაციანი პიკეტები იმართება ასევე ქალაქებში: პერმში, პეტერბურგში და იაროსლავლში.

გოლუნოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია პარასკევს დილით გაავრცელა მისმა კოლეგამ სვეტლანა რეიტერმა, რომელსაც გამომძიებელმა დაურეკა და აცნობა, რომ ჟურნალისტი ახლახან პოლიციაში გადაიყვანეს.

ვებსაიტ „მედუზის“ თანახმად ივან გოლუნოვს დაკავების დროს ჩამოართვეს ტელეფონი და არ მისცეს უფლება, გამოეძახა ადვოკატი. ჟურნალისტი ჩივის, რომ იგი დაკავების დროს სცემეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უარყოფენ ჟურნალისტის ცემის ფაქტს დაკავების დროს. უწყებაში ამტკიცებენ, რომ გოლუნოვის სახლის ჩხრეკის დროს ნაპოვნია „ფხვნილის მსგავსი ნივთიერების სამი შეკვრა და ასევე სასწორი.“

ჟურნალისტები გოლუნოვის დაკავებას უკავშირებენ მის საქმიანობას, კერძოდ კრიტიკულ რეპორტაჟებს ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე.

XS
SM
MD
LG