Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პროცესებს გაერიდა "დიდი საფრთხის" გამო 


თბილისში ორი წლის წინ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ გადაწყვიტა ორი თვის განმავლობაში „გარიდებოდა პროცესებს“, რადგან დიდი საფრთხე დაინახა. ტელეკომპანია „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზაზა სარალიძემ მიანიშნა, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო მცირეწლოვნების ომი ან თავად წასულიყო შურისძიებაზე.

„ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ 2017 წლის 1 დეკემბრიდან. მინდა ყველამ გაითავისოს, ყველა ადამიანმა მოქალაქემ თუ პოლიტიკოსმა, რომ ზაზა სარალიძე ამ ბრძოლით მიაღწევდა ჭეშმარიტებას, თუ ავდგებოდი და დავხოცავდი სუყველას, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მე დავინახე საფრთხე, რომ ზაზა სარალიძეს ამას დაასწრებდა სხვა - ეს არის ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის მეგობრები. ზაზა სარალიძე იბრძვის იმისთვის, რომ ამ ომს, ამ სისხლს, სისხლი არ გაყვეს კიდევ, რაშიც დარწმუნებული ვიყავი და დავინახე კიდეც თვალნათლივ“,- განაცხადა ინტერვიუში ზაზა სარალიძემ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ჩხუბის მიზეზი გახდა სკოლაში დაწყებული კონფლიქტი. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათო სარალიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დაზარალებული ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ პროკურატურა ხელს აფარებდა დამნაშავეებს. მოკლული მცირეწლოვნის მამას სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და უბრალო მოქალაქეებმა. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის მთავარი პროკურორის გადადგომა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტში შეიქმა სპეციალური საგამოძიებო კომისიაც.

გახმაურებული მკვლელობის საქმის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო ორი მცირეწლოვანი გ.ბ. და გ.ჯ. პირველს ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობისთვის 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ცოტა ხნის წინ, 3 ივნისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიცვალა წინა ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და გ.ჯ. დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში და მას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა.

მომდევნო დღეს 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი, რომლის დაპატიმრებასაც ზაზა სარალიძე მოითხოვდა. მ. კ.-ს ბრალად ედება დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა.

XS
SM
MD
LG