საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ხმა მისცა "ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდნენ.”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "ასეთ" ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში “გვეყოლებიან თოჯინები, რომელიც არათუ თავისუფალ აზრს დააფიქსირებენ, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ.” მარგველაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს ბინძურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის აზრით, მისი მხარდაჭერილი კანდიდატის წინააღმდეგ აწარმოეს.
მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს და ერთმანეთს უპირისპირდებიან ოპოზიციონერი შალვა შავგულიძე და მმართველი პარტიის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე.