“ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ, თავისი არჩევანის გაკეთების შემდეგ, მადლობა გადაუხადა მთაწმინდელებს, თბილისელებს და საქართველოს მოსახლეობას. მადლობა გადაუხადა მედიას, პროცესის გაშუქებისთვის და მადლობა გადაუხადა მათაც, ვისაც წვლილი მიუძღვის მისი პოლიტიკაში დაბრუნების საქმეში.
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გაუხარდება დღევანდელი დღის სწორი და არგუმენტირებული შედეგი“,- განაცხადა ლადო კახაძემ
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინს, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ მოსახლოების მოლოდინია, რომ დაიწყება შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.
„ამ უმშვენიერესი უბნის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განახლება აუცილებლად დაიწყება. განახლება იმ გაგებით რასაც უბრანული კუთხით დანახული მათი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების და მათ რეაბილიტაციის საკითხების დაწყება ჰქვია. ახალი, უკვე თვალსაჩინო პროექტების განხორციელდება და ისინი შედეგს მოიტანენ. მოსახლე იგრძობს თავს უსაფრთხოდ და კომფორტულ გარემოში“,- განაცხადა ლადო კახაძემ.
მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.
არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83%.
არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა.