რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები, - განაცხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ 12:00 საათიან ბრიფინგზე.
"რამდენიმე საარჩევნო უბამზე დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც სამგორის ოლქის ამომრჩეველი იყო უბანზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას ჩაინიშნავს და გადაამოწმებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება საჩივრებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 1 საჩივარი, რომელიც დაწერილია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ და შეეხება ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას.
მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.
არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83%.
არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა.