"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლეობის სხდომაზე შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასეს-აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლეოსობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მოტივაცია შუალედური არჩევნების შემდეგ გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში. მისივე თქმით, სხდომაზე იმსჯელეს ასევე სამომავლო გეგმებზე:
„როგორც იცით, მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.