სოფელ აგარაში ცოლის დაჭრისა და მამაკაცის მოკვლის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავებულია 1966 წელს დაბადებული ა.ხ. მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებული ლ.დ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამედიცინო პერსონალს თანახმად, ქალს სხეულის სხვადასხვა არეში ბასრი საგნით 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. ქალს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.