Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ საპროტესტო გამოსვლის ათეულობით მონაწილე დააკავეს ყაზახეთში


ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა. ისინი პროტესტს გამოხატავდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ.

არჩევნების თაობაზე საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრის დროს მოხდა ფუნდამენტური უფლებების აშკარა დარღვევები.

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც საარჩევნო უწყებამ გამოაქვეყნა, მმართველი პარტიის კანდიდატმა, მოქმედმა დროებითმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ხმების დაახლოებით 70% მოაგროვა.

დანია ესპაევამ, პრეზიდენტობის პირველმა ქალმა კანდიდატმა და პარლამენტის დეპუტატმა პარტია „აკ ჟოლიდან“, დაახლოებით ხუთი პროცენტი მიიღო. მეორე შედეგი აქვს ყოფილ ჟურნალისტს, ამირჟან ყოსანოვს. მას 16 % მიემხრო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 77%-მა.

ტოყაევს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ მას მერე, რაც მან კურთხევა მიიღო ამ ქვეყნის ხანგძლივი მმართველის, ნურსულთან ნაზარბაევისგან, რომელიც ოფიციალურად გადადგა თანამდებობიდან, მაგრამ კვლავ უჭირავს არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი.

ალმა-ატის გარდა საპროტესტო გამოსვლა იყო დედაქალაქ ნურ-სულთანში, სადაც ათეულობით ადამიანი შეეცადა მთავარ მოედანზე შეკრებას. მოედანი პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. საპროტესტო გამოსვლა იყო ჩიკმენტშიც.

ორ მთავარ ქალაქში ინტერნეტის წვდომა იყო ძალიან ნელი, რაც აძნელებდა სოციალური მედიით სარგებლობას.

XS
SM
MD
LG