10 ივნისს მოლდოვაში ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები ორმა მეტოქე მთავრობამ. ორივე მათგანი თავს ლეგიტიმურად მიიჩნევს. რუსეთმა მხარი დაუჭირა ახალ მმართველ კოალიციას მოსკოვის მიმართ მეგობრულად განწყობილ სოციალისტურ პარტიასა და ევროკავშირის მომხრე ბლოკს შორის.
ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ 9 ივნისს შეუწყვიტა უფლებამოსილება პრეზიდენტ იგორ დოდონს, სოციალისტების ყოფილ ლიდერს. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყო პაველ ფილიპმა, რომელმაც დაითხოვა პარლამენტი და სექტემბერში დანიშნა ვადამდელი არჩევნები.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, სოციალისტებმა და ევროკავშირის მომხრე ბლოკმა, ACUM-მა, თავიანთი მოულოდნელი ალიანსის შესახებ გამოაცხადეს და მიზნად დაისახეს ხელისუფლებიდან ფილიპის მმართველი, დემოკრატიული პარტიის ჩამოშორება. ორმა ჯგუფმა, რომელიც ერთობლივად პარლამენტის 101 ადგილიდან 61-ს ფლობს, მოილაპარაკა პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმაზე და დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც ACUM-ის ერთ-ერთი ლიდერი, მაია სანდუ უხელმძღვანელებს. დემოკრატიული პარტიის ლიდერია ხშირად მითქმა-მოთქმის გამომწვევი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელიც, ბევრის აზრით, მოლდოვას არაოფიციალურად მართავს.