„ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, ესენი ლექციებს რომ გიკითხავენ. არც ერთი ხმა „ნაცებს“, არც ერთი ხმა „ქოცებს“, ორივე უნდა წავიდეს, - მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.
ადა მარშანია ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც მთაწმინდის შუალედური არჩევნები შეაფასა. გიგა ბოკერიას განცხადებით, არჩევნებში ჩართული კრიმინალები ახალგაზრდა გოგოებს ემუქრებოდნენ „შუაზე გაჭრით“ და აგინებდნენ, რაც „ქართული ოცნებიდან“ არავის დაუგმია და ამით პოლიტიკური უზნეობა ჩაიდინეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატებისადმი მიმართვაში ადა მარშანიამ თქვა:
„ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ფაშიზმზე გელაპარაკებათ თქვენ. ახია თქვენზე. რატომ არის ეს ხალხი პოლიტიკაში საერთოდ? პოლიტიკაში ჯანდაბას, იყვნენ, პარლამენტში რატომ სხედან ესენი? თქვენი ბრალი არ არის ეს? თქვენი არჩევნები და მათი გარჩევა საერთოდ არ მაინტერესებს, ეს არის თქვენი ორი ძალის არჩევნები. თქვენ ერთმანეთს სჭირდებით ზუსტად საარჩევნოდ. არც ერთი ხმა „ნაცებს“, არც ერთი ხმა „ქოცებს“, ორივე უნდა წავიდეს“, - განაცხადა მარშანიამ.