ყაზახეთში 9 ივნისს გამართული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ადასტურებს დროებითი პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის გამარჯვებას.
არჩევნებს თან ახლდა ანტისამთავრობო აქციები, რომლებზეც ასობით დემონსტრანტი დააკავეს.
ტოყაევი დროებით პრეზიდენტად ჰყავდა შერჩეული ყაზახეთის ყოფილ ავტოკრატ მმართველს, ნურსულთან ნაზარბაევს.
ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 ივნისს გამოაცხადა, რომ მას ერგო ხმების 70,96%. ტოყაევთან ერთად არჩევნებში მონაწილეობდა მოსახლეობისათვის თითქმის უცნობი ექვსი კანდიდატი, რომელსაც არ გააჩნდა არც რესურსები და არც სახელმწიფო აპარატის მხარდაჭერა ფავორიტისათვის სერიოზული კონკურენციის გასაწევად.
11 ივნისს გავრცელებული ცნობებით, ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ალმა-ათაში პოლიციელები აპატიმრებენ დემონსტრანტებს, რომლებიც რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ არჩევნების ოფიციალური შედეგების გასაპროტესტებლად.