Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგოს მამინაცვალი ბავშვის ძმაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს


2019 წლის იანვარში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი, არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ედება ნინო ზალინაშვილის 5 წლის ძმაზე ძალადობა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ 5 წლის ბიჭზე მამინაცვალი, სავარაუდოდ, მაშინ ძალადობდა, როდესაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ.

„4 წლის გოგოს გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში მცხოვრები ორი მცირეწლოვანი მყისიერად გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში. ჩაუტარდათ ექსპერტიზა და ერთ-ერთზე დადასტურდა ფიზიკური ძალადობის კვალი. ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, ნევროლოგები და ისინი მუდმივად იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი, ეთერ ცხაკაია.

4 წლის ნინო იანვარში, სანზონაში, საკუთარ სახლში, გამთენიისას გარდაიცვალა. ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია დედა, ლელა ქსოვრელი. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგოს, დედამ, 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამეს, ლელა ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანის ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

არკადი ძავაშვილი მიმდინარე წლის 20 მაისს დააკავეს. არკადი ძავაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარედგინა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG