Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეტრომანებში“ ჰაკერული შეღწევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს


სამი პირია დაკავებული დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ დაკავებულები, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით, შედიოდნენ მოქალაქეების “მეტრომანის” ბარათების მონაცემებში და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ავსებდნენ ბალანსს.

ერთ-ერთი დაკავებული უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ამ გზით შევსებული ბარათების გამოყენებით, მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე.

გამოძიების ცნობით, ასევე დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში, ხსენებული ბარათების გამოყენებით, ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც.

“ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება. ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითისათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი”, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG