რუსეთში მოქმედი ჯგუფი OVD-Info, რომელიც საპროტესტო აქციებს და დაპატიმრებებს აკვირდება, აცხადებს, რომ 400-ს აჭარბებს მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა.
აქციის მიზანი იყო ხელისუფლებაზე ზეწოლის შენარჩუნება გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის გათავისუფლების შემდეგ. გოლუნოვი დააკავეს, ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდება წაუყენეს, შემდეგ მას პოლიციამ ყველა ბრალდება მოუხსნა და შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. გოლუნოვისთვის წაყენებულ ბრალდებებს მისი მხარდამჭერები შეთითხნილად მიიჩნევენ.
დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი და რამდენიმე ჟურნალისტი. მოსკოვის პოლიციის ცნობით, აქციაში მონაწილეობა მიიღო 1200-მდე მოქალაქემ, მათგან 200-ზე მეტი დააკავეს ისეთ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის, რომლის გამართვა არ იყო ნებადართული ქალაქის მესვეურების მიერ.
აქციის ორგანიზატორებმა 11 ივნისს, გვიან საღამოს ფეისბუკზე დაწერეს, რომ მათ ქალაქის მესვეურებმა აქციის გამართვის ნებართვა არ მისცეს და ამიტომ ისინი ვეღარ მოუწოდებდნენ ხალხს ქუჩაში გასვლისკენ და დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისკენ. მაგრამ აქციაში მონაწილეობის სურვილი ფეისბუკზე 25,000-მდე პირმა გამოთქვა. ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ მოქალაქეების გადასაწყვეტი იყო მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას აქციაში.
დემონსტრანტების ნაწილს გოლუნოვის მხარდამჭერი წარწერებიანი მაისურები ეცვა. ისინი აცხადებდნენ, რომ სურთ ხელისუფლებაზე ზეწოლა შენარჩუნდეს.