პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძემ დატოვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც საარჩევნო კანომდებლობის რეფორმირებაზე მსჯელობენ. კაპანაძემ მიზეზად დაასახელა მეორეხარისხოვანი საკითხების განხილვა.
„მთავარი საკითხი, რასაც ოპოზიციური სპექტრი სვამს, არის 2020 წლის საპარამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და ამ მოთხოვნის პირობებში ყველა სხვა საკითხი მეორეხარისხოვანია. არ შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხები იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მძევალი და ჩვენ მოწყალების იმედზე ვიყოთ. ახლა სწორედ ამას ვხედავთ“ - უთხრა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის თქმით, ოპოზიციამ მისთვის მთავარი საკითხი უკვე დასვა და მმართველი გუნდისგან ჩამოყალიბებულ პასუხს ელოდებიან.
სხდომა დასრულებამდე დატოვა „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამაც. მისი განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის სისტემის შეცვლა, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე მოქალაქეების მოთხოვნაა.
„ხელისუფლებას ეძლევა შანსი იმოქმედოს გონივრულად და განიხილოს პროპორციული სისტემის ამოქმედების საკითხი. მან არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ 300 ათასი მოქალაქის ხმაც უნდა გაითვალისწინოს, ამ შემთხვევაში მივაღწევთ კონსენსუსს“, - უთხრა ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ.