ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ. ამის შესახებ მან უთხრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს.
ჯავიდის განმარტებით, 14 ივნისს სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ასანჟის ექსტრადიციის საკითხზე.
ინტერნეტპორტალ "ვიკილიკსის" დამფუძნებელ ასანჟს მოელის 18 მუხლით ბრალდება შეერთებულ შტატებში, რომელიც მას ადანაშაულებს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვებაში, ისევე როგორც აშშ-ის არმიის ყოფილ წევრთან, ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერში უკანონოდ შესაღწევად.
47 წლის ასანჟი 11 აპრილს გააძევეს ლონდონში ეკვადორის საელჩოდან, რომელსაც თავს აფარებდა 2012 წლიდან, ეკვადორისაგან პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შემდეგ.
11 აპრილს ის ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა და ამჟამად იხდის 50-კვირიან პატიმრობას გირაოთი გათავისუფლების პირობების დარღვევისათვის.
შვედეთში ასანჟს წაყენებული აქვს გაუპატიურების ბრალდება, რომელსაც ის უარყოფს.