პარლამენტის ფრაქციის, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ოგტაი ასადოვს.
შეხვედრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„სხვა საკითხებთან ერთად შევეხეთ ბუნებრივია, გარეჯის თემას იმიტომ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია და ინტერესს იწვევს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა. მისი თქმით, მთავარია საკითხი გადაწყდეს მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში. გიგი წერეთლის შეფასებით, გამოსავალი პროფესიონალური, დიპლომატიური მიდგომებით უნდა მოიძებნოს.
აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზა რამდენიმე დღით დაკეტეს, რასაც საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებმა განაახლეს წლების განმავლობაში შეჩერებული მუშაობა. მაისში კომისიების შეხვედრა ბაქოში გაიმართა, მომდევნო სხდომა კი თბილისში შედგება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ორი მესამედი.