საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მოქალაქე მზია ჯღარკავას საკანონმდებლო წინადადებას, რომლის თანახმად, ამომრჩევლებს პირდაპირი წესით უნდა აერჩიათ პოლიციის სისტემის ხელმძღვანელი პირები.
ინიციატორის პოზიციით, „ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება განახორციელოს კონსტიტუციით გარანტირებული ძალაუფლება უშუალო დემოკრატიის ფორმით პოლიციაზე.“
წინადადების ავტორს ხალხის მიერ პირდაპირი წესით პოლიციის უფროსების არჩევის მაგალითად მოჰყავდა ამერიკელი შერიფები.
მოქალაქე მზია ჯღარკავას საპასუხოდ პარლამენტში განმარტეს, რომ მსგავსი ინიციატივა უკავშირდება მნიშვნელოვან ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტშიც, შესაბამისად, არასაკმარისადაა დასაბუთებული, რატომ უნდა განხორციელდეს მსგავსი მასშტაბური ცვლილება და ამასთან, პროცედურული წინააღმდეგობაც არსებობს, რადგან ბიუჯეტში ცვლილების გადაწყვეტილება პარლამენტმა მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მიიღოს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გარკვეული პირები აირჩევიან, თუმცა, ამას ცალკე ანალიზი სჭირდება და ამ ეტაპზე საკითხის ამ ფორმით განხილვის საჭიროება არ დგას.
ანრი ოხანაშვილის თქმით, საპოლიციო სისტემაში პირდაპირი წესით არჩევნები კარდინალურ ცვლილებებს გამოიწვევს, რისთვისაც აუცილებელია სულ სხვაგვარი მიდგომა.