Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველ ქალებზე სექსისტური პოსტის გამო ბათუმის საკრებულოს წევრს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს


მაშველ ქალებზე დისკრიმინაციული და სექსისტური კომენტარის გამო ბათუმის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ“, - ასე გამოეხმაურა ის 13 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას პირველი მაშველი ქალების შესახებ, რომლებიც სანაპირო ზოლზე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი, რომა დოლაბერიძე, 14 ივნისს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მაშველი ქალების მიმართ საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებული სექსისტური და დისკრიმინაციული კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა. მან სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ამის საშუალება არ მისცა.

„მინდოდა გამეკეთებინა განცხადება, შეკითხვები დამესვა, მაგრამ თავმჯდომარემ არ მომცა ამის საშუალება, მიუხედავად დაპირებისა. საკრებულოს წევრებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ ასეთი ქმედებები, ეს არის ქალთა დისკრედიტაცია. პირიქით, მათ უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ გაძლიერდნენ ქალები, არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება, მაშველი იქნება ის თუ სხვა. საკრებულოს სხდომაზე მოვითხოვე ბატონ ნოდარ დუმბაძეს საჯაროდ მოეხადა ბოდიში და ამავე საკრებულოს წევრის ბატონ ომახ მახარაძეს, რომელიც ეჭვმიტანილია სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში, მოვუწოდე დაეტოვებინა საკრებულოს წევრის მანდატი​“.

საკრებულოს წევრი, ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ამ კომენტარით ის ირონიულად გამოეხმაურა იმ ადამიანებს, რომლებიც მაშველებს დასცინოდნენ. ნოდარ დუმბაძე არ ფიქრობს, რომ ასეთი კომენტარი საკრებულოს წევრისგან შეურაცხმყოფელია ან დისკრიმინაციის წამახალისებელია: „ამ შედეგზე არ მიფიქრია ნამდვილად, რადგან არც მიგულისხმია, რომ რაღაც დისკრიმინაციული განცხადება გამეკეთებინა“.

13 ივნისს, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები სანაპირო ზოლზე ქალი მაშველების გამოჩენის შესახებ, სოციალურ ქსელში დაიწერა არაერთი სექსისტური და დისკრიმინაციული პოსტი ქალების შესახებ. სოციალური ქსელის მომხმარებლები არჩევნდნენ, როგორც ქალების ვიზუალურ მხარეს, ისე მათ პროფესიონალიზმს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG