WikiLeaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლოს სხდომა 2020 წლის 24 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა მოსამართლემ ლონდონის ვესტმინსტერის მაგისტრატის სასამართლოს საპროცედურო სხდომაზე.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერა ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის ნებართვას. მასში WikiLeaks-ის დამაარსებელს წარდგენილი აქვს 17 ბრალდება, მათგან მთავარია ავღანეთისა და ერაყის ომების თაობაზე საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება. აშშ-ში პროკურორები მას ბრალს სდებენ იმაში, რომ ის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, ჩელსი მენინგს პენტაგონის კომპიუტერებში შეღწევაში დაეხმარა.
ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს და ემალებოდა აშშ-ისა და შვედეთის მართლმსაჯულებას. შვედეთში ის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. 2019 წლის აპრილში ეკვადორმა ასანჟს შეუწყვიტა დიპლომატიური თავშესაფრის უფლება. ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა ის. ამის შემდეგ მალე ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟს 50 კვირით პატიმრობა მიუსაჯა გირაოთი განთავისუფლების პირობების დარღვევისთვის.